საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საპასუხო ზომებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში დაგეგმილ არჩევნებამდე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
„უზომოდ ამაყი ვარ დიდი ბრიტანეთის დიდი ხნის დემოკრატიული ტრადიციებით. [დიდ ბრიტანეთში] ახლა წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვიმყოფებით და ახალ მთავრობას ველით, რომელიც 4 ივლისს იქნება არჩეული. მანამდე არანაირი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული [სანქციებთან დაკავშირებით].
არჩევნების შემდეგ, როდესაც ახალი მთავრობა ჩამოყალიბდება, ჩვენ დროულად მივცემთ რჩევას, თუ რა ვარიანტები შეიძლება, მიიღოს ახალმა მთავრობამ საქართველოსთან მიმართებით. ასე რომ, მოგიწევთ დაბრუნება და ჩემი მონაცვლისთვის ამის კითხვა… ჩემს ევროპელ კოლეგებს უნდა ჰკითხოთ, თუ რას იტყვის ევროკავშირი.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, დიდი ბრიტანეთის პოზიცია ძალიან ნათელია: 30 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდში ედგა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მხრივ. სუვერენიტეტი, ჩემთვის, ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა თავად აკეთებს თავის არჩევანს. თუ თითოეული გამოკითხვა, რომელიც მე მინახავს, ამბობს, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და თუ ყველა დიდი პარტია ამბობს, რომ ეს თქვენი უმთავრესი მიზანია, ეს თქვენს კონსტიტუციაშია, მაშინ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს მას, ვინაიდან, ეს არის სუვერენული არჩევანის მთავარი აზრი,” - განაცხადა კლეიტონმა. მის კომენტარს „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ელჩმა გაიხსენა ბრიტანული კანონის შემუშავების ისტორია და აღნიშნა, რომ კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ, 2023 წელს მიიღეს, თუმცა ის ჯერ ძალაში არ არის შესული.
“ეს კანონი [დიდ ბრიტანეთში], უპირველეს ყოვლისა, ჯერ ამოქმედებული არ არის, ვინაიდან, არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის შუაგულში ვართ, ასე რომ, რეალურად კანონი ძალაში არ არის შესული. ამ [ბრიტანული] კანონის მიღმა ისტორია არის ის, რომ 2018 წელს რუსეთმა დიდ ბრიტანეთში სკრიპალების [ოჯახის] მკვლელობა სცადა. ამაზე პასუხის ნაწილი იყო მოსკოვიდან ჩემი გაგდება. პარლამენტმა ეს თავდასხმა გამოიძია და 2019 წელს ანგარიში წარადგინა. 2020 წელს ანგარიში გამოქვეყნდა და პარლამენტმა პასუხი გასცა - ეროვნული უსაფრთხოების კანონმდებლობა, რომელიც დიდ ბრიტანეთში უცხოურ გავლენებს ადევნებს თვალს, საბოლოოდ 2023 წელს იქნა მიღებული. ჩვენ ჯერ არ შეგვიყვანია ძალაში.
ასე რომ, თავდასხმიდან 5 წელი გავიდა, მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და საჯარო სექტორთან დებატების, დისკუსიებისა და კონსულტაციების 5 წელი, რათა უზრუნველგვეყო, რომ ეს კანონი სწორი ფორმით გვაქვს ჩამოყალიბებული. გიწვევთ, მითხრათ, რამდენი ხანი, რამდენი დებატები და დისკუსია იყო საქართველოში თქვენი კანონის შესახებ. ვფიქრობ, აღმოაჩენთ, რომ გაცილებით ნაკლები,” - განაცხადა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი, მეფე ჩარლზ III-ის ოფიციალური დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულებას მასპინძლობს.