სომხეთმა პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა

სომხეთის რესპუბლიკამ პალესტინის სახელმწიფო აღიარა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ერევანი შეუერთდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში ორი სახელმწიფოს პრინციპს.


„სომხეთის რესპუბლიკა ადასტურებს ერთგულებას ხალხთა თანასწორობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებისადმი. სომხეთის რესპუბლიკა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს,“ - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.


მანამდე პალესტინა სახელმწიფოდ რიგმა ქვეყნებმა აღიარეს. კერძოდ, ერთ-ერთი ბოლო ასეთი ნაბიჯი ესპანეთმა, ირლანდიამ და ნორვეგიამ გადადგეს. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოზე მანუელ ალვარესმა აღნიშნა, რომ პალესტინის სახელმწიფო ახლა მსოფლიოს 193 ქვეყნიდან 146-ის მიერ არის აღიარებული.


ისრაელის კრიტიკის საპასუხოდ, ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიმართული ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ. პედრო სანჩესმა ისრაელს უწოდა „მეგობრული ქვეყანა, რომელსაც მადრიდი პატივს სცემს, აფასებს და ცდილობს მასთან საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეს."


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თავის მხრივ, აღნიშნა, რომ უკან არ დაიხევენ მათ წინაშე, ვინც ძირს უთხრის ისრაელის სუვერენიტეტს და უსაფრთხოებას. კაცის შეფასებით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება იმის სიგნალია, რომ ტერორიზმი გამართლებულია, წააქეზებს ირანს და „ჰამასს“ და ძირს გამოუთხრის მშვიდობის შანსს.


ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს, დასავლეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა „ჰამასმა“ ისრაელზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი, ისრაელის ტერიტორიაზე ხმელეთიდანაც შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი მოკლეს და გაიტაცეს.