საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბრობს და ასახელებს იმ სექტორებს, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები შეეხება. ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ახალი სანქციები მიმართულია იმისკენ, რომ გაურთულოს პუტინის მთავრობას აგრესიული ომის წარმოება.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების მძლავრ კომპლექტზე, რათა ძირი გამოუთხაროს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ძალისხმევას. ის სამიზნეში იღებს სამხედრო-სამრეწველო თავდაცვის კომპლექსს, ფინანსურ სერვისებს, ენერგეტიკულ სექტორს, სანქციების გვერდის ავლას, სამხედრო დანაშაულებს. მათ შორის, სუბიექტებს, რომლებიც ჩართულნი არიან უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში,“ – წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
Euobserver-ი დოკუმენტის პროექტზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სანქციების ახალი პაკეტი ითვალისწინებს აკრძალვებს რუსული გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებაზე, ჰელიუმის ექსპორტზე და შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიებზე წვდომაში.
სანქციების სიაში შეიძლება მოხვდნენ მომღერალი პოლინა გაგარინა, „რუსული სპილენძის კომპანიის“ დამაარსებელი იგორ ალტუშკინი, პრეზიდენტ პუტინის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, „ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტის“ გენერალური დირექტორი ალექსეი გორესლავსკი და კომპანია „ბალტიკის“ ყოფილი პრეზიდენტი თეიმურაზ ბოლოევი. ახალ პაკეტს, სავარაუდოდ, 27-28 ივნისს მიიღებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელსაც ბრიუსელი უმასპინძლებს.
- როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე
- ევროკავშირის სანქციების შემდეგი პაკეტი რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს - შვედეთი