ჩრდილოეთ მაკედონიის კანონმდებლებმა, 23 ივნისს, ახალი მთავრობა დაამტკიცეს. კოალიციურ მთავრობას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქრისტიან მიცკოსკი მეთაურობს. მისმა პარტიამ, გაერთიანებით "შენი მაკედონია", მაისში ჩატარებულ საყოველათაო არჩევნებში წარმატებას მიაღწია და ახლა ქვეყანას კოალიციური მთავრობით მართავს.
კოალიციაში შედის ალბანური უმცირესობის და ეთნიკური მაკედონიელების პარტია, რომლებიც სოციალ-დემოკრატებს გამოეყვნენ. პარტიამ გაიმარჯვა ასევე საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტის პოსტი, პირველად ჩრდ. მაკედონიის ისტორიაში ქალმა, პროფესორმა გორდანა სილიანოვსკა-დავკოვამ დაიკავა.
სხდომის "ისტორიულად" გამოცხადებისას, მიცკოსკიმ განაცხადა, რომ “სახელოების დაკაპიწების და პრობლემების გადაჭრის” დროა. მიცკოვსკიმ პოპულარობა ევროკავშირთან ინტეგრაციის პროგრესის გაჭიანურებით გამოწვეული მოსახლეობის უკმაყოფილების ფონზე მოიპოვა, ევროსკეპტიკური პოზიციის დაკავებით. მან ხმების 42 პროცენტი მიიღო, რაც ბევრად მაღალია სოციალ-დემოკრატების 15 პროცენტზე, რომლებიც ძალაუფლებას 2017 წლიდან ფლობდნენ.
მისი თქმით, მის 20 მინისტრიან მთავრობას არ დასჭირდება 100 დღე რეფორმების გასატარებლად და ის დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, გადასახადების შესამცირებლად და პენსიებისა და ხელფასების გასაზრდელად. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეჭვის ქვეშ დააყენეს ახალი მთავრობის პროგრამით გათვალისწინებული დაპირებების შესრულების შესაძლებლობა.
მიცკოვსკის პარტია 2017 წლიდან ოპოზიციაშია, როდესაც ნიკოლა გრუევსკის მთავრობა, 2016 წლის არჩევნების შემდეგ, სავარაუდო კორუფციის გამო ჩამოაგდეს და ის სოციალ-დემოკრატების მთავრობამ ჩაანაცვლა. გრუევსკი მემარჯვენე ნაციონალისტია, რომელიც ქვეყნიდან 2018 წელს გაიქცა მას შემდეგ, რაც კორუფციის ბრალდებით, ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მან უნგრეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
არსებობს შიშები, რომ ახალი პრემიერის ნაციონალისტურმა მიდრეკილებებმა შეიძლება, ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს ევროკავშირთან, საბერძნეთთან და ბულგარეთთან. ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ში 2020 წელს, მას შემდეგ გაწევრიანდა, რაც გადაჭრა უთანხმოება საბერძნეთთან ქვეყნის სახელთან დაკავშირებით.
მიცკოსკის თქმით, მთავრობა ევროინტეგრაციის ერთგული დარჩება. „ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის პარტნიორებთან ერთად დგომას და ერთად გავაფორმებთ საერთო საგარეო პოლიტიკას ევროკავშირთან,“ - აღნიშნა მან და დაამატა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთთან ომში.
მაგრამ, მიცკოსკიმ ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება ბულგარეთთან დავის გადასაჭრელად, რაც აფერხებს სკოპიეს სვლას ევროკავშირისკენ და რომელიც საკონსიტუტიო ცვლილებას ითვალისწინებს, ქვეყანაში ბულგარელების უმცირესობად აღიარების მიზნით, “არ გავა” მისი მმართველობის პერიოდში.
მიცკოსკიმ რამდენჯერმე მოიხსენია ბალკანეთის ორმილიონიანი ქვეყანა, როგორც მხოლოდ მაკედონია, არ თქვა მისი სრული სახელი ჩრდილოეთ მაკედონია, რომელიც წინა მთავრობამ საბერძნეთის ზეწოლის ქვეშ შეცვალა. საბერძნეთი ამტკიცებს, რომ სახელი მოიცავს ტერიტორიულ პრეტენზიებს ამავე სახელწოდების ბერძნულ პროვინციაზე. ამ ნაბიჯმა შესაძლოა გაართულოს ათენთან სკოპიეს ურთიერთობები და ბულგარეთის უკმაყოფლებებთან ერთად, კიდევ უფრო მეტი სიძნელე შექმნას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.