WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი თავისუფალია

  • WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი 12 წლის განმავლობაში პირველად გათავისუფლდა მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოსამართლემ ოთხშაბათს დილით, ხელი მოაწერა მოულოდნელ საპროცესო შეთანხმებას - CNN

ვებგვერდ Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი, რომელმაც შეერთებულ შტატებთან საპროცესო გარიგება გააფორმა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო მოსმენა აშშ-ის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა.

ასანჟის ამერიკელმა ადვოკატმა ბარი პოლაკმა განაცხადა, რომ „ჯულიან ასანჟის დევნა უპრეცედენტოა.“

ასანჟმა გაამჟღავნა ჭეშმარიტი, ახალი ამბები… ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ბატონი ასანჟისთვის არასოდეს არ უნდა წაეყენებინათ ბრალი ჯაშუშობის შესახებ კანონის შესაბამისად და ის ჩართული იყო ისეთ სამუშაოში, რომელსაც ჟურნალისტები ყოველდღიურად ასრულებენ.“


ასანჟს ბრალი დიდი რაოდენობით საიდუმლო სამხედრო ინფორმაციის გაჟონვასთან დაკავშირებით ედებოდა და გრძელვადიანი სასჯელი ემუქრებოდა.

გასულ კვირას შეერთებულ შტატებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის მიხედვითაც თავდაპირველად წაყენებული 18 ბრალდებიდან ერთ-ერთში თავი დამნაშავედ ცნო. ჯულიან ასანჟმა გაერთიანებული სამეფოს ციხეში ხუთი წელი გაატარა, სადაც ის აშშ-ში ექსტრადიციის თავიდან ასაცილებლად იბრძოდა.


ასანჟის სახელს უკავშირდება ამერიკის ისტორიაში საიდუმლო მასალების გაჟონვის ყველაზე მასშტაბური საქმე. გამომძიებლების თქმით, 2009 წლის ბოლოდან ასანჟმა სამხედრო დაზვერვის ანალიტიკოსთან, ჩელსი მენინგთან შეთანხმებით, WikiLeaks-ზე ათობით ათასი დოკუმენტი გამოაქვეყნა ავღანეთისა და ერაყის ომის, კუბაში გუანტანამოს ციხეში პატიმრების მიმართ მოპყრობის შესახებ. მასალების მოცულობისა და წაყენებული რამდენიმე ბრალის გათვალისწინებით, მას 175 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ასანჟი 2019 წლის აპრილიდან იმყოფებოდა ბრიტანეთის ბელმარშის ციხეში, საიდანაც აშშ-ში ექსტრადიციას ითხოვდა. მანამდე შვიდი წელი იმყოფებოდა ლონდონში, ეკვადორის საელჩოში, რომელმაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯულიან ასანჟმა სასამართლოს შენობა უკვე დატოვა და ის მშობლიურ ავსტრალიაში გაფრინდა.