აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელუსოვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
რაიდერმა მედიას განუცხადა, რომ ლოიდ ოსტინი იყო საუბრის ინიციატორი და რომ 2023 წლის მარტის შემდეგ ეს მისი პირველი საუბარი იყო რუს კოლეგასთან, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას სერგეი შოიგუ იკავებდა.
ეს ლოიდ ოსტინსა და ანდრეი ბელუსოვს შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო, მას შემდეგ რაც მაისში, ის ვლადიმერ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრად დანიშნა. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასსმა გაავრცელა მსგავსი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ამერიკულ მხარეს არ განუმარტავს სატელეფონო ზარის მიზეზი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამის არხზე გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრებმა მოსაზრებები გაცვალეს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ბელოუსოვმა მიანიშნა ვითარების მოსალოდნელი ესკალაციის ხიფათზე, უკრაინული არმიისთვის ამერიკული შეიარაღების მიწოდების გაგრძელების ფონზე. შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აგრძელებს ომს. დასავლეთმა კრემლს მძიმე სანქციები დაუწესა.