ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზთან ჩავიდა

26 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების ახლად დანიშნულ მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანდრეი ჰნატოვთან ერთად.

მანამდე, 24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში მიიტანა. მათ შორის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 40-ზე მეტი. პოკროვსკი რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონული დედაქალაქის დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში მდებარეობს.


ქალაქ პოკროვსკში შესასვლელი აბრის წინ გადაღებულ ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დამცველებსა და მედიკოსებს ამ მხარეში და აღნიშნა, რომ მან გამართა "დეტალური შეხვედრა უსაფრთხოებისა და ხალხის მხარდაჭერის შესახებ."


„დონეცკის ოლქი. ჩვენს ჯარისკაცებთან, მთავარსარდალ სირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ გნატოვთან ერთად. დღეს, ყველას ვინც დონეცკის ოლქის თავდაცვაზეა პასუხისმგებელი ანდრეი გნატოვი ოფიციალურად გავაცანი. ჩვენ ანგარიშები უშუალოდ პოზიციებიდან მოვისმინეთ,“ - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.


უკრაინის პრეზიდენტმა 110-ე და 47-ე ბრიგადას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კიევში საუბარს გამართავს იმ ოფიციალურ პირებთან, რომლებიც ფრონტის ხაზზთან უფრო ახლოს უნდა იყვნენ.


„კიევში ცალკე საუბარი იქნება, მათ შორის ოფიციალურ პირებთან, რომლებიც აქ და სხვა ადგილებში, ფრონტის ხაზზთან ახლოს უნდა იყვნენ, სადაც ადამიანებს სასწრაფო გადაწყვეტილებები სჭირდებათ. გადაწყვეტილებები, რომლებიც კიევიდან უბრალოდ არ ჩანს. გამიკვირდა, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ ექვს თვეზე მეტია, არ ყოფილა. მათ შესახებ სათანადო დასკვნებს გამოვიტან,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.


ამჟამად რუსეთის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფები ცდილობენ ხელთ იგდონ დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. რუსეთის ჯარები პოკროვსკისკენ ავდეევკის დასავლეთით მდებარე პოზიციებიდან მიიწევენ და ბოლო თვეებში, ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით დაახლოებით 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. მაგრამ უკრაინის არმიის მძლავრი თავდაცვის გამო, ქალაქთან უფრო მიახლოებას ვერ ახერხებენ.