დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წელი შესრულდა. ევროკავშირის წარმომადგენლობა ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია და ასევე შეხსენება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში მომავლისკენ სწრაფვას მტკიცედ უჭერს მხარს.
„საქართველოს მთავრობა ევროკავშირის გზას უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, მაგრამ საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინ ვერ წაიწევს, თუ მოქმედების კურსი არ შეიცვლება,“ აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
2022 წლის 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
საქართველომ კანდიდატის სტატუსი გასული წლის ბოლოს მიიღო.
ქვეყნის ევროინტეგრაციას დღეს ევროკავშირი შეფერხებულად მიიჩნევს მას შემდეგ, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ სადავო კანონი მიიღო.