საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო ზეიმს შეუერთდა და ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს ღირსების ორდენები გადასცა. ადმინისტრაციის განმარტებით, სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ყველა პირს პრეზიდენტმა ღირსების ორდენები და მედლები ისტორიული სპორტული მიღწევის - 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლისთვის, ქართული ფეხბურთის განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე აყვანისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები, ადგილზე შეკრებილ გულშემაკტივარს შეხვდნენ.
„სასწაულია დღევანდელი დღე. მე ასეთი საქართველო მინდა - გახარებული ამ ბიჭების სასწაულით, მაგრამ სასწაული ასე არ მოდის, ეს არის შრომა, თავდადება, ნიჭი, შემართება, პროფესიონალიზმი, გუნდირობა, ქვეყნის სიყვარული და ეს ყველაფერი ერთად ამათ ისე აქვთ შერწყმული, მიაღწიეს მიუღწეველს. მათ ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ძალიან დიდი მადლობა მათი გულშემატკივრობისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
„ღირსეულ ბიჭებს ღირსების ორდენები, ვულოცავ თითოეულ მათგანს. მხარდაჭერა ქართული ფეხბურთის მიმართ აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ბიჭებმა გვაჩუქეს ნამდვილი სასწაული, თუმცა, ეს არ არის დასასრული, ეს არის მხოლოდ დასაწყისი. სექტემბრიდან გვექნება ახალი, საოცარი მატჩები, სავსე ტრიბუნებით. რაც შეეხება მხარდაჭერას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ დაპირებას, რომ ორიოდე წელიწადში ეს ბიჭები ითამაშებენ ახალ, სუპერთანამედროვე სტადიონზე. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას,“ - განაცხადა მანამდე სიტყვით გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა, სამშობლოში დილით დაბრუნდა.
საღამოს, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდნენ. მათ ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირი ღია ავტობუსით გაიარეს.
22:00 საათიდან თავისუფლების მოედანზე დახვედრის საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობდა.