დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა საპარლამენტო არჩევნებში მმართველი კონსერვატიული პარტიის დამარცხება აღიარა და გამარჯვება მიულოცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, მომავალ პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს.
სუნაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსერვატორების მარცხზე პასუხისმგებლობას იღებს და შედეგები გამოსაფხიზლებელი იქნება. თავად რიში სუნაკმა თემთა პალატის არჩევნებში გაიმარჯვა იორკშირში, რიჩმონდის ოლქში.
თავის საარჩევნო ოლქში დამაჯერებლად გაიმარჯვა ლეიბორისტების ლიდერმა კირ სტარმერმაც. მისი განცხადებით, ცვლილებები ახლავე იწყება. სტარმერმა ბრიტანელებს მიმართა, რომ მათ ხმა მისცეს, ახლა კი ჯერი ლეიბორისტებზეა, რომლებმაც დაპირებები უნდა შეასრულონ.
გაერთიანებულ სამეფოში 4 ივლისს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, თემთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვა ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც ბოლო 14 წლის განმავლობაში ოპოზიციაში იყო.
4 ივლისს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 650-წევრიან თემთა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობა, 410 მანდატი მოიპოვა, რაც წინა 2019 წლის არჩევნების შედეგზე 209-ით მეტია. ამას ცხადყოფს 650-დან 644 ოლქის ოფიციალური მონაცემები, რომლებსაც BBC აქვეყნებს.
ამავე მონაცემებით, კონსერვატიულ პარტიას, რომელიც ქვეყანას ბოლო 14 წლის განმავლობაში მართავდა, თემთა პალატაში 119 დეპუტატი ეყოლება. წინა არჩევნებთან შედარებით, კონსერვატორებმა 248 მანდატი დაკარგეს.
71 ადგილი ერგო ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას(+63), 9 შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას (-38) და 7 ირლანდიელების პარტია „შინ ფეინს“. კიდევ 28 მანდატი განაწილდება სხვა პარტიებზე. მათ შორის თემთა პალატის წევრი პირველად გახდა პოპულისტური „რეფორმების“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჟი. დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის არჩევნები 650 ერთმანდატიან ოლქში, ერთ ტურად ტარდება. უბრალო უმრავლესობის შესაქმნელად 326 მანდატის მოპოვებაა საჭირო.
არჩევნებში გამარჯვება „ლეიბორისტებს“ უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზეელნსკის თქმით, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო იყვნენ და იქნებიან სანდო მოკავშირეები. მან გაერთიანებული სამეფოს პრემიერს, რიში სუნაკს და გაერთიანებული სამეფოს მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რაც უკრაინას აღმოუჩინა.
ცნობისთვის, კირ სტარმერი ომის წლის თავზე, 2023 წლის თებერვალში უკრაინაში ჩავიდა, კიევში შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოინახულა ბუჩა და ირპენი.
სტარმერმა მაშინ განაცხადა, რომ ლეიბორისტები ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში უკრაინის მხარდაჭერას ისევე გააგრძელებდნენ, როგორც ამას უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული კონსერვატორების მთავრობა აკეთებდა.
- „ხაზი გავუსვი, რომ ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერს და შეინარჩუნებს იმ თავდაცვის, საწვრთნელ და ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, რომელსაც ბრიტანეთის ამჟამინდელი მთავრობა უზრუნველყოფს.
ამ კონფლიქტის განმავლობაში არაერთხელ მითქვამს, რომ ამაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის განსხვავება არ იქნება,“ - განაცხადა სერ კირ სტარმერმა უკრაინაში ვიზიტისას. იგივე გაიმეორა მან წელს, 24 თებერვალს, რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრიდან ორი წლის თავზე გაკეთებული მიმართვისას.
„იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, ბრიტანეთი მუდამ დაუჭერს მხარს უკრაინას. ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, რადგან უკრაინელი ხალხი სწორედ ამას იმსახურებს.“