2024 წლის, NATO-ს საიუბილეო სამიტის წინ, ალიანსმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა NATO-ს წევრ 32-ვე ქვეყანაში დაუკვეთა. გამოკითხვის დროს 30 000-ზე მეტ რესპონდენტს სთხოვეს, გაეზიარებინათ თავიანთი მოსაზრებები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის, მათი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერის, მოკავშირეების კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებისა და თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, NATO-ს მხარდაჭერა რჩება ძლიერი, ასევე, მხარს უჭერენ თავდაცვის ხარჯების გაზრდასაც.
რესპონდენტთა უმრავლესობა კვლავ თანხმდება იმაზე, რომ მათმა ქვეყანამ უნდა დაიცვას მოკავშირე თავდასხმის შემთხვევაში (63 პროცენტი), ხოლო 70 პროცენტი, რეფერენდუმზე დაუჭერდა მხარს მათი ქვეყნის NATO-ს წევრად დარჩენას. თავდაცვის ხარჯების შენარჩუნების ან გაზრდის მხარდაჭერა 76 პროცენტს შეადგენს.
რუსეთისა და ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა დაბალი რჩება, რესპონდენტთა უმეტესობა არაკეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ - 62 პროცენტი. ჩინეთის მიმართ - 48 პროცენტი. როგორც წინა გამოკითხვებში, ახლაც იყო კითხვები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომთან დაკავშირებით. გამოკითხულთა დაახლოებით ორი მესამედი მიიჩნევს, რომ ომი უკრაინის წინააღმდეგ, გავლენას ახდენს მათი ქვეყნის უსაფრთხოებაზე (63%). რესპონდენტებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი უმრავლესობის თანხმობა, რომ მათმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა (61 პროცენტი).
NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტისთვის ემზადება, რომელიც 9-11 ივლისს ვაშინგტონში გაიმართება.