კოლომინა: მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

ალიანსის საიუბილეო სამიტის წინ რა გზავნილი აქვს NATO-ს საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი, რომელთა უმრავლესობა, ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მხარს უჭერს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. ამ საკითხით დაინტერესდა Europetime და შესაბამისი შეკითხვით ალიანსს მიმართა.


NATO გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ ის ელის, მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


  • „მოველი, რომ მოკავშირეთა ლიდერები ვაშინგტონის სამიტზე დაადასტურებენ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და ჩვენს ერთგულებას საქართველოსთან ხანგრძლივი პარტნიორობისადმი. და (ასევე მოველი, რედ.) რომ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დააჩქაროს რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ საქართველოს ხალხის მისწრაფებების საპასუხოდ,“ ამბობს კოლომინა Europetime-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ კომენტარში.

შეგახსენებთ, NATO გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მომავალი სამიტის გეგმებზე ისაუბრა და განმარტა, რომ უკრაინის საკითხი ალიანსის უმაღლესი დონის სამიტზე წამყვანი იქნება. NATO-ს 75-წლიანი საქმიანობის აღსანიშნავად, საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს, ვაშინგტონში იმართება. საქართველოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარმოადგენს.


ასევე წაიკითხეთ ექსკლუზიური ინტერვიუ