NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალის თქმით, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა

NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი, თადარიგის ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ ახლა, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველად იქცა. ამიტომ, პირიქით, ამერიკისა და დასავლელი პარტნიორების მეტი ჩართულობის დროა, რათა რუსეთმა საქართველოს დასავლეთისგან დაშორება ვერ შეძლოს. ამის შესახებ ბრიდლავი საუბრობს „ამერიკის ხმის“ სტატიაში, რომელიც ეხება იმას თუ რას ნიშნავს აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაუარესება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის.


„ჩემი აზრით, კითხვას ასე უნდა ვსვამდეთ: თუკი რუსეთის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა გაგრძელდება და გაუარესდება, რას ნიშნავს ეს? რადგან მე მჯერა, რომ ახლა საქართველოში ჩართულია რუსული “ცუდი ფული”, ცუდი რუსები და პოლიტიკა.


ვფიქრობ, საქართველო რუსეთის ჰიბრიდული ომის ბრძოლის ველია, სადაც რუსეთი ცდილობს, გავლენის ყველა საშუალება გამოიყენოს, “რუხი ზონების” ჰიბრიდული გავლენა, რათა საქართველო დასავლეთს დააშოროს და ქართულ პოლიტიკაზე გავლენა დაიბრუნოს,“ - ამბობს თადარიგის გენერალი და განმარტავს, რომ ის მიმდინარე პროცესებს ხედავს, როგორც რუსეთის საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და დროა, დასავლურმა სამყარომაც ამას ასევე შეხედოს.


რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობის სრულად შეწყვეტას და NATO-სთან თანამშრომლობის გაუარესებას, თადარიგის გენერალი იმედოვნებს, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს, სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში, დახმარების ხელს გაუწვდიან და რუსეთთან მარტო არ დატოვებენ:

ვიმედოვნებ და ვლოცულობ, რომ ასე არ მოხდეს. სწორედ საწინააღმდეგოს ვნატრობ. NATO-მ, დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა სწორედ ახლა უნდა გაუწოდონ საქართველოს ხელი, რათა დაეხმარონ მას, გაუძლოს რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმას,“ - ამბობს NATO-ს ძალების ყოფილი მთავარსარდალი.


5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.