დღეს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში უფროსი წარმომადგენლის თანამდებობაზე პატრიკ ტერნერი დანიშნა. შესაბამის ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
"ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან NATO-ს ურთიერთობის კოორდინატორი. ასევე, NATO-ს ძალისხმევას კოორდინაციას გაუწევს და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ალიანსს შეფასებებსა და რჩევებს მიაწვდის,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
„როგორც ერთგულ საჯარო მოხელეს, მას აქვს შედეგების მიღწევის ძლიერი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რადგან NATO აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას,“ აღნიშნა თავის მხრივ, სტოლტენბერგმა.
პატრიკ ტერნერი კიევში მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეუდგება. მანამდე ის მუშაობდა გენერალური მდივნის თანაშემწედ თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში, ასევე, გაერთიანებული სამეფოს საჯარო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე.
„ჩემთვის დიდი პატივია უკრაინაში NATO-ს უფროს წარმომადგენლად დანიშვნა. მოუთმენლად ველი NATO-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანელობას და ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას უკრაინის ხელისუფლებასთან, NATO-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დავეხმაროთ NATO-ს მხარდაჭერის უზრუნველყოფას უკრაინაში,“ აღნიშნა ტერნერმა მის ახალ როლთან დაკავშირებით.
ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე, მოკავშირეები შეთანხმდნენ, შექმნან ალიანსის უსაფრთხოების დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის (NSATU), რათა უკეთ გაუწიონ კოორდინაცია უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და წვრთნას. ეს ეფუძნება NATO-ს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რათა დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან. მოკავშირეებმა ასევე გამოაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების გრძელვადიანი დახმარების დაპირება, მინიმალური საბაზისო 40 მილიარდი ევროს ფარგლებში მომდევნო წლის განმავლობაში, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოების მდგრადი დონე, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის გამარჯვების მისაღწევად.