საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. უწყება ციტირებს მინისტრ დარჩიაშვილს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და "ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს."
მედიასთან კომენტარისას, დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრეთს, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
„ახალი ამბავი არ არის, რომ უნგრეთი ძალიან აქტიური მხარდამჭერია ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, რომელიც პირდაპირ თანხვედრაშია ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისად, გვახარებს, რომ უნგრეთის მთავრობასთან გვაქვს ძალიან მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ეხმარება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე.
ჩვენ გვახსოვს 2 წლის წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, მაშინ, როდესაც საქართველოს უსამართლოდ ყოველგვარი მიზეზების, ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, დღეს უკვე თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, რა თქმა უნდა, უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მეტად დაუჭიროს მხარი ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას... ჩემი ვიზიტის მიზანიც სწორედ ეს იყო, ჩამოვსულიყავი ვიზიტით თავმჯდომარე ქვეყანაში, რომელმაც ახლა დაიწყო კონკრეტული დღის წესრიგის განხორციელება, გაგვეცვალა მოსაზრებები. ტრადიციულად, უნგრეთის იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძლიერ მხარდაჭერას კვალინდებურად გააგრძელებს," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა.
„პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი - ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად,“ განაცხადა დარჩიაშვილმა.
მინისტრის თქმით, „საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას - საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის.“
„საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, დააკავშიროს აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა, ერთი მხრივ, შეუქცევადად გავაგრძელოთ ევროპული ინტეგრაცია და მეორე მხრივ, ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ქვეყანა იყოს ეფექტური მაკავშირებელი ფუნქციით და ჩვენ ამას აუცილებლად გავაგრძელებთ.
საქართველოს ჰქონდა კონკრეტული ინიციატივები ენერგეტიკის დაკავშირებადობის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივები მოხვდა ამ დოკუმენტში. საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება კონკრეტული როლი ამ მიმართულებით. ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო ყოველთვის შეასრულებს ძალიან ღირებულ როლს და ეს მომავალშიც აუცილებლად იქნება ხილვადი," - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „აგენტების კანონი“ არის „რუსული კანონი“ და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციას. სწორედ ამიტომ, მისი გაუქმების მოთხოვნით მან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, ასევე პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები.