ეკატერინე ტიკარაძე: ვადასტურებ, რომ ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები

"ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ გვაქვს გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე ხელი მოწერილი, აქედან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ სრული ინფორმაცია გავცეთ, თუმცა ვადასტურებთ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის, როგორც Astra Zeneca-ს სხვადასხვა მწარმოებელი, როგორც ინდოეთის, ასევე კორეის, ასევე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები Moderna-სთან, ასევე Johnson & Johnson-თან.

Covax პლატფორმაზე, შემდეგი რაოდენობის მოწოდების თარიღის დადგენა მიმდინარეობს, როდის იქნება მოწოდებული.

ასევე გვაქვს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები, კერძოდ, ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ისრაელთან, 2 მიმართულებით, ერთი არის Pfizer-ის ვაქცინა, ხოლო მეორე არის Moderna-ს ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და ასევე შესაძლებელია, რომ დონაცია მოხდეს ისრაელის მხრიდან.

ასევე ინტენსიურად არის ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები უკვე მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მოწოდებები შესაძლო შეიძლება გახდეს მხოლოდ მე-3 კვარტალში და არა უფრო ადრე.

პარალელურად, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ტიკარაძემ.