ევროკომისიამ უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას ბოიკოტი გამოუცხადა

მოსკოვსა და პეკინში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვიზიტების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა, უნგრეთში ევროკომისრების ვიზიტი გააუქმა. ევროკომისიამ ამ ფორმით გამოუცხადა ბოიკოტი ევროკავშირში უნგრეთის ექვსთვიან თავმჯდომარეობას.

ევროკომისრები მონაწილეობას არც ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ სხდომებში არ მიიღებენ. როტაციის წესით, უნგრეთი პირველი ივლისიდან გახდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა.


ლაიენის გადაწყვეტილება 15 ივლისს, ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა გამოაცხადა. მისი ინფორმაციით, უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ ევროკომისია წარმოდგენილი იქნება მაღალჩინოსანი სახელმწიფო მოხელეებით მხოლოდ საბჭოს არაოფიციალურ სხდომებზე.


ევროკავშირის და NATO წევრი ქვეყნის - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც კრემლთან კარგი ურთიერთობა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც შეინარჩუნა, „სამშვიდობო მისიით“ 2 ივლისს იმყოფებოდა კიევში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, ხოლო 5 ივლისს მოსკოვში მოლაპარაკება გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.


ორბანმა ზელენსკის შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა და ამის შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყება, რაზეც უარი მიიღო. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის პოზიციები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა, მაგრამ მუშაობა უნდა გაგრძელდეს. კიევის და მოსკოვის შემდეგ, 8 ივლისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეკინში ჩავიდა და მოლაპარაკება გამართა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან. ევროკავშირმა და NATO-მ განაცხადეს, რომ ორბანი მათი სახელით და უფლებამოსილებით არ მოქმედებს.