ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინურ „სინოფარმთან“ ვაქცინის 100 ათასი დოზის შესაძენად წინასწარ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ამის შესახებ მინისტრმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზა განაცხადა.
"როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას.
ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, მოლაპარაკებები წინასწარ უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე COVAX-პლატფორმასთან. ამასთან, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად გავაგრძელოთ.
პირველი ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მცირე დოზები შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან. ეს არის 100 ათასი დოზა ვაქცინა. COVAX-პლატფორმიდან ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება დამატებით საჭირო ვაქცინებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.