სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენლად ხავიერ კოლომინა დაინიშნა

სამხრეთ სამეზობლოში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა გახდება. შესაბამისი ინფორმაცია NATO-ს ვებგვერდზე განთავსდა.


„ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და საჰელის რეგიონები ჩვენი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია. ხავიერ კოლომინას NATO-ს პარტნიორებთან ურთიერთობის უდიდესი გამოცდილება აქვს. მისი დანიშვნა სამხრეთში NATO-ს მნიშვნელოვან მუშაობას კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. კოლომინა იქნება პასუხისმგებელი სამხრეთში  NATO-ს ძალისხმევის კოორდინაციასა და ხილვადობის გაზრდაზე - გააძლიერებს პარტნიორებთან ჩართულობას.


ცნობისთვის, ვაშინგტონის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გაზრდის NATO-ს ჩართულობას ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და საჰელის რეგიონში. სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა ამ გეგმის ნაწილია.


შეგახსენებთ, ხავიერ კოლომინა პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეა და სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის პოზიცია ამ დრომდე ეკავა.