ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოთხშაბათს, თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მიმართა ერს მას შემდეგ, რაც მან 21 ივლისს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატურა მოხსნა. ბაიდენმა გადაწყვეტილება მისი პარტიის წევრების, დემოკრატების მხრიდან რამდენიმეკვირიანი ზეწოლის შემდეგ მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ის „ჩირაღდნას ახალ თაობას გადასცემს.“
„გადავწყვიტე, რომ წინსვლის საუკეთესო გზაა, გადასცე ჩირაღდანი ახალ თაობას. ჩვენი ერის გაერთიანების საუკეთესო გზა ეს არის.“
„პატივს ვცემ ამ პოსტს, მაგრამ ჩემი ქვეყანა უფრო მიყვარს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
მან ერისადმი მიმართვისას განმარტა, რომ საპრეზიდენტო რბოლა დემოკრატიის გადასარჩენად დატოვა. ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მიღწევები, მსოფლიოში მისი ლიდერობა და ქვეყნის მომავლის ხედვა მეორე ვადას იმსახურებს, მაგრამ დემოკრატიის გადარჩენის გზას წინ არაფერი უნდა გადაეღობოს და ეს ეხება პირად ამბიციებსაც.
„დიდებული რამ ამერიკის შესახებ ისაა, რომ აქ მეფეები და დიქტატორები არ მართავენ. ხალხი მართავს. ისტორია თქვენს ხელშია. ძალაუფლება თქვენს ხელშია. ამერიკის იდეა - თქვენს ხელშია,“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მანვე დაადასტურა, რომ უფლებამოსილების ამოწურვამდე პრეზიდენტად დარჩება. ამ 6-თვიანი პერიოდის პრიორიტეტებად ჯო ბაიდენმა დაასახელა უზენაესი სასამართლოს რეფორმა, NATO-ს განმტკიცება, პუტინის შეკავება და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა.
ერისადმი მიმართვისას, ბაიდენმა ასევე ისაუბრა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისზე, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატატ წარდგენისთვის მხარი მალევე დაუჭირა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
„სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ამერიკელი ხალხი, ამერიკის მომავლის კურსს ირჩევს,“ - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„ჩემი ცხოვრების პატივი იყო, მემსახურა თქვენს პრეზიდენტად. მაგრამ,დემოკრატიის დაცვა, რომელიც სასწორზე დევს, ვფიქრობ უფრო მნიშვნელოვანი რამაა, ვიდრე ნებისმიერი ტიტული. ძალას ვიღებ და სიხარულს ვგრძნობ ამერიკელი ხალხისთვის მუშაობაში,“ - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი შეფასებით, ამერიკელ ხალხს მოუწევს, არჩევანი გააკეთოს წინსვლასა და უკუსვლას შორის და რომ ახლა არის მომენტი, როცა გადაწყვეტილებები განსაზღვრავსარამხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ, ასევე მთელი მსოფლიოს მომავალ ათწლეულებს.
- „მე ნათლად განვაცხადე, რომ მჯერა ამერიკა გადახრის წერტილშია. ეს ისტორიის ერთ-ერთი იშვიათი მომენტია, როდესაც გადაწყვეტილებები, რომლებსაც ახლა ვიღებთ, ჩვენი ერისა და მსოფლიოს ბედს, მომავალი ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავს. ამერიკას მოუწევს, გააკეთოს არჩევანი, განაგრძოს წინ სიარული თუ უკან წავიდეს, მოუწევს გააკეთოს არჩევანი იმედსა და სიძულვილს შორის, ერთიანობასა და განხეთქილებას შორის. ჩვენ უნდა გადავწყვითოთ, გვჯერა თუ არა პატიოსნების, წესიერების, პატივისცემის, თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის.“
ბაიდენი, რომლის პოლიტიკური კარიერა 1972 წელს 29 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც სენატორად აირჩიეს და მეექვსე ყველაზე ახალგაზრდა ამერიკელი სენატორი გახდა, თეთრ სახლში 2025 წლის 20 იანვარს დაასრულებს თავის ვადას, როგორც ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი. მას ამ პერიოდისთვის 82 წელი შეუსრულდება.