მოსახლეობას ვაქცინის არჩევის შესაძლებლობა ექნება. თავად გადაწყვეტენ, რომელი ვაქცინა გაიკეთონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება და ამ კუთხით მუშაობა უკვე დაწყებულია.
"რაც შეეხება იმ მოლოდინებს და არსებულ მდგომარეობას, თუ როგორი არის მოსახლეობის განწყობა (ვაქცინებისადმი), დეკემბერში, იანვართან შედარებით, ის მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და ამისთვის ჩვენ კიდევ გვაქვს დამატებითი სამუშაო. პირველ რიგში იქნება კამპანიები, ცნობიერების ამაღლების კუთხით.
ვაქცინაცია საქართველოში არის ნებაყოფლობითი და ჩვენ ამას ვემხრობით. ასევე ნებაყოფლობითი იქნება ვაქცინის არჩევა და ჩვენს მოქალაქეებს მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავად აირჩიონ მათთვის სანდო ვაქცინა.
რაც შეეხება ხარისხის კომპონენტს და განსხვავებებს ვაქცინებს შორის, აქ მთავარი არის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ვაქცინის აღიარება. და მაშინ, როდესაც ჩინურ ვაქცინასაც ექნება მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან აღიარება, ეს უკვე მის ხარისხს არ დააყენებს ეჭვის ქვეშ. მნიშვნელოვანია, გათვალისწინებული იყოს, რომ ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციულ მეთოდებზე. რაც შესაძლებელია რაც შეიძლება ბევრი მოქალაქისთვის უპირატესი იყოს",- განაცხადა ტიკარაძემ.