სიკორსკის თქმით, რუსეთთან, როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია

პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციასთან მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სარგებლის მიღება სწორედ საკუთარი აგრესიისგან სურს. რადოსლავ სიკორსკის შეფასებით, რუსულ აგრესიას ძალა უნდა დაუპირისპირო და არა დათმობები.


მისივე განცხადებით, „რუსი დიქტატორის ვლადიმერ პუტინის მიზანია მიაღწიოს მშვიდობას მისი პირობებით, უფრო კონკრეტულად კი უკრაინის კაპიტულაციის შედეგად, უკეთ შემთხვევაში, დასავლეთის კაპიტულაციის შედეგად.“


„თანამედროვე რუსეთმა შემოიღო ბევრად უფრო ავტორიტარული რეჟიმი და ჰყავს უფრო მეტი პოლიტპატიმარი, ვიდრე ბრეჟნევის მმართველობის დროს. ამასთან, მან ძალის გამოყენებით დაიწყო საზღვრების ცვლილება. ეუთო იყო ევროპაში უსაფრთხოების სტაბილიზაციის იდეა რუსეთის მონაწილეობით. მრავალი წლისა და ათწლეულის განმავლობაში რუსეთს ეუთო მოსწონდა, რადგან მასში ვეტოს უფლებით სარგებლობდა, თუმცა ახლა მან დაარღვია ყველა პრინციპი და ამას მივყავართ სწორ დასკვნამდე, რომ რუსეთთან როგორიც ის არის დღეს, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, რადგან მას სურს სარგებლის აგრესიისგან მიღება. ამიტომ ამას ძალა უნდა დავუპირისპიროთ და არა დათმობები,“ - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.


მას მიაჩნია, რომ ახლა დასავლეთში მიმდინარეობს პოლიტიკური ელიტის ცნობიერების „დერუსიფიკაცია.

„უკვე აღარავინ საუბრობს რუსეთის ტრანსფორმაციაზე ვაჭრობის გზით,“ - განაცხადა პოლონელმა მინისტრმა.