აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადა. აშშ უკრაინას 200 მილიონი დოლარის თავდაცვის პაკეტს გადასცემს და ასევე, უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, 1,5 მილიარდ დოლარს გამოყოფს, რაც იარაღის მწარმოებლებთან გრძელვადიან კონტრაქტებს ითვალისწინებს.
თავდაცვის პაკეტები HIMARS-ის, NASAMS-ის და მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, ასევე, საჰაერო თავდაცვისთვის RIM-7-ის რაკეტებს, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებსა და 120 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებს მოიცავს.
პენტაგონის განცხადებით, იმისთვის, რომ უკრაინის მამაცმა დამცველებმა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო კრიტიკული შესაძლებლობები მიიღონ აშშ 50-მდე პარტნიორთან და მოკავშირესთან მუშაობას გააგრძელებს. შეერთებულმა შტატებმა, 2022 წლიდან, უკრაინას 50 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.