იუსტიციის მინისტრი ანაკლიის პორტის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საარბიტრაჟო სასამართლომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე განხილვა დაასრულა და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა.


მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არბიტრაჟმა მოსარჩელეს მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.


„პარიზის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ გადაწყვეტილება გაუზიარა, რომლის მიხედვითაც დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული დავის საფუძველს წარმოადგენდა ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება. კერძოდ, ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა საინვესტიციო ხელშეკრულება შეეწყვიტა. საარბიტრაჟო მოსარჩელე სადავოდ ხდიდა საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერებასა და ითხოვდა დაახლოებით 1.5 მლრდ დოლარის ოდენობის კომპენსაციას.


არბიტრაჟმა სრულად გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი სამართლებრივი არგუმენტები და მტკიცებულებები და დაადგინა, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოსაძიებლად დადგენილი ვადების მრავალჯერ გადავადებისა, ინვესტორმა მთლიანად საკუთარი ბრალეულობით ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.


ასევე, პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც, საკუთარი მიზეზით, ვერ მოიძია საკუთარი სახსრები. პროექტის კომერციული რისკის მატარებელი იყო ასევე მხოლოდ ინვესტორი. მთავრობას არც პირდაპირ და არც ირიბად ინვესტორისთვის ხელი არ შეუშლია პროექტის განხორციელებაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, არბიტრაჟმა დაადასტურა, რომ საქართველოს მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება შეწყვიტა კანონიერად და მოსარჩელის მოთხოვნა, მილიარდ ნახევარი დოლარის ანაზღაურებაზე სრულად უარყოფილ იქნა, პირიქით, მოსარჩელეს საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ დაეკისრა 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ. კონსორციუმი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებასა და საარბიტრაჟო პროცესთან დაკავშირებული დეტალები კონფიდენციალურია.


„არბიტრაჟის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია - ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ საქართველოს მთავრობა მოქმედებდა არასწორად, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების საზიანოდ, როდესაც ცდილობდა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ზიანის მიყენებას, რამაც შედეგად გამოიწვია პორტის პროექტის თითქმის ათწლეულით დაყოვნება, ათასობით სამუშაო ადგილისა და შემოსავლების დაკარგვა საქართველოსთვის,“ - აცხადებენ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“, რომელსაც წლების წინ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აეშენებინა.


„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ 29 ივლისს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება სარჩელზე, რომელიც მან და კონსორციუმის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ 2020 წელს შეიტანეს, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად. მას დეტალებზე არ უსაუბრია.

„სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია,“ - წერდა ხაზარაძე.


 საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას 29 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

„სიმართლე დაადგინა საერთაშორისო არბიტრაჟმა, სადაც თავიდან ბოლომდე გამტყუნდა, რა თქმა უნდა, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხარე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ ჩააგდეს პროექტი, ვერ მოახერხეს ინვესტორების მოზიდვა. შეგახსენებთ, ინვესტორებს ეძებდნენ ყველგან, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში, ასევე - ჩრდილოეთში, თუმცა ვერსად მოახერხეს ინვესტორის მოზიდვა. აქედან გამომდინარე, რეალურად მათი ბრალია ამ საქმის წაგება და სახელმწიფო ამ საქმეში აბსოლუტურად პირნათელია,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


„ლელოს" გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ არბიტრაჟმა, რეალურად, არც საქართველოს მთავრობის და არც ანაკლიის კონსორციუმის სარჩელი არ დააკმაყოფილა.


მისივე განცხადებით, საერთაშორისო არბიტრაჟმა მხოლოდ სამართლებრივ კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებზე იმსჯელა და არა იმ პოლიტიკურ ფაქტორებზე და პოლიტიკურ კონტექსტზე, რამაც ხელი შეუშალა ანაკლიის პორტის მშენებლობას. კუპრაძის თქმით, პოლიტიკური მოცემულობა კი მარტივია: "ანაკლიის პორტი ჩააგდო რუსეთმა. ქვეყანამ, ვის დავალებასაც ასრულებდა ბიძინა ივანიშვილი."


საარბიტრაჟო სარჩელი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ანაკლიის პორტის სხვა უცხოელ ინვესტორებთან ერთად, 2020 წელს შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობასა და ADC-სა და მისი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციის ანაზღაურებას.