საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა. ამის შესახებ მან იუსტიციის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველა ვადა კანონშია მითითებული. პირველი აგვისტოდან ორგანიზაციებს, რომლებიც კანონით გათვალისწინებულ კრიტერიუმებში ექცევიან, განაცხადის გაკეთება შეუძლიათ - წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, მსგავსი რამ არ განმეორდება,“ ბრეგაძემ ასე უპასუხა კითხვას, როდის ამოქმედდება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის ის მუხლი, რომელიც ორგანიზაციებს 2023 წლის დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს და რა მოხდება, თუ ისინი „უცხოური გავლენის გამტარებლად" რეგისტრაციაზე უარს იტყვიან. კითხვას, არის თუ არა მზად ტექნიკური ბაზა ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მინისტრი პასუხობს, რომ „ყველაფერი მზადაა.“ რაც შეეხება შეკითხვას, მოხდება თუ არა იმ ორგანიზაციების „ოფისებში შესვლა“, ვინც უცხოური გავლენის გამტარებლის რეესტრში არ დარეგისტრირდება, ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ იგეგმება.
„კანონმდებლობით გათვალისწინებულია, რომ თუ რომელიმე იურიდიული პირი, რომელიც კრიტერიუმებში ექცევა, საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს და დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება და სანქციის სახით გათვალისწინებულია 25 ათასი ლარის ჯარიმა. ეს საიდუმლო არაა, მაგრამ თქვენს ტერმინებში - „ოფისებში შესვლა“ წარმოგიდგენიათ, ალბათ, და გინდათ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოთ, რომ ვინმე აპირებს ნიღბიანებით შესვლას. ასე გინდათ წარმოაჩინოთ. მსგავსი ტიპის ღონისძიებები არ არის [დაგეგმილი]. ეს დრო წარსულს ჩაბარდა, როდესაც ტელევიზიებში ნიღბიანი ადამიანები შედიოდნენ, არბევდნენ პირდაპირ ეთერში ადამიანებს.
ეს ყველაფერი წარსულსაა ჩაბარებული, დაივიწყეთ ეს დრო. ნუ გაქვთ ეს წარმოდგენა, რომ მსგავსი რამ როდისმე საქართველოში განმეორდება. არ განმეორდება, რადგან არჩევნებში, მათ შორის თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელსაც [დავით კეზერაშვილს] არ მიეცემა შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს. შესაბამისად, ნიღბებით ვერცერთ ტელევიზიაში ვეღარ იხილავთ სახელმწიფოს წარმომადგენელს. შემიძლია დაგამშვიდოთ. ეს არის და ეს. პროცედურებს რაც შეეხება, ვინც დაემორჩილება კანონმდებლობის მოთხოვნებს, მოუწევს, მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, ვისგან მიიღო კონკრეტული თანხები და რაში დახარჯა. მეტს არავინ ეკითხება. ესაა სიმართლე,“ - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, საერთაშორისო პარტნიორების მკაცრი კრიტიკისა და კანონის მოწინააღმდეგეთა ფართო პროტესტის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ. (რედაქტირებული)