“აქტიურად განვიხილავთ ვარიანტებს სანქციების სფეროში“ - ო'ბრაიენი საქართველოს მმართველ გუნდს უკან დაბრუნების გზას სთავაზობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის წინაშე წარდგა. მან ქვეკომიტეტის წევრების კითხვებს უპასუხა.


ამერიკის ხმის ცნობით, კანონმდებლებს აინტერესებდათ, რას აკეთებს ამერიკა რუსეთის მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. განიხილავდნენ უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარებას, რათა ის რუსეთის სამხედრო აგრესიას გაუმკლავდეს, ისაუბრეს სომხეთის პრობლემებზე და საქართველოში დემოკრატიასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.


განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას დაეთმო და იმას, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ამერიკა კიევს უკეთ და უფრო ეფექტურად. საუბარი იყო იმ შეზღუდვების მოხსნაზე, რაც ამერიკას მის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე აქვს დაწესებული, ასევე, ჩინეთის მიერ რუსეთის დახმარების გზების შეზღუდვაზე.


„როგორც ჩანს, საქართველოში არიან ელიტები, რომლებიც თითქოს სხვა მოსახლეობას ხედავენ. ისინი ზურგს აქცევენ ევროკავშირისა და NATO-სკენ თავის გზას. სინამდვილეში, ამ პარტიამ ["ქართულმა ოცნებამ"] NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი თავის კონსტიტუციაში შეიტანა. ახლა კი, სხვა მიმართულებით მიდის. რატომ? ეს ცოტა ძნელი გასარკვევია. ჩვენ ვცდილობთ, ძალიან მკაფიონი ვიყოთ იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს და რამდენად მნიშვნელოვანია ეს. რადგან საქართველო ითხოვს, შეუერთდეს იმ კლუბებს, რომელთაგან ერთის წევრი ვართ, მეორე კი - ჩვენი მთავარი პარტნიორია. და ისინი ვერ შეცვლიან, ვერ გადაწერენ იმ წესებს, რომლებიც ამ კლუბებში გაწევრიანებისთვისაა საჭიროა,“ - აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა და განმარტა ის ნაბიჯები, რაც ამერიკის ხელისუფლებამ გადადგა.


„საქართველოსთვის ჩვენი ყველანაირი დახმარება გადახედვის პროცესშია. ჩვენ ძალიან გვინდა, მხარი დავუჭიროთ ყველაფერს, რაც ამ შემოდგომაზე თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებს შეუწყობს ხელს... მაგრამ, გვინდა, მკაფიოდ ვუთხრათ მმართველ პარტიას, რომ იქნება რეალური შედეგები... პენტაგონმა განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო წვრთნები,“ - ამბობს ო’ბრაიენი.


სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ევროკავშირის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბლოკის განმარტებით, საქართველოს გზა გაწევრიანებისკენ, ფაქტობრივად, შეჩერებულია და ეს, შესაძლოა, ფორმალურად რამდენიმე თვეში გადაიხედოს.


რაც შეეხება შემდგომ სანქციებს, ო’ბრაიენი ამბობს, რომ ამ მიმართულებით მსჯელობა და განხილვა გრძელდება და ამ ეტაპზე ამაზე ვერ ისაუბრებს. თუმცა, მისი თქმით, შემდგომი სანქციების ობიექტებად განიხილებიან არამხოლოდ ისინი, ვინც კორუფციით სარგებლობენ, არამედ, ასევე განიხილება სანქციები მათ წინააღმდეგაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია მხილებული.


ო’ბრაიენი აღნიშნავს, რომ აუცილებლად ნათელი უნდა იყოს საქართველოს მმართველი გუნდისთვის ის, რომ არსებობს გზა უკან:

„თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე. რაც შეეხება უცხოეთის აგენტების კანონს, რა გამჭვირვალობის რეგულაციებიც სურთ, გახადონ ის ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისი და არა - რუსეთის კანონმდებლობის. არ მისცენ ჩინეთს საშუალება, ააშენოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. ესაა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოსგან მნიშვნელოვანია," - აცხადებს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯეიმს ო'ბრაიენი.


ო’ბრაიენმა კონგრესის ძალისხმევის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი, რათა ნათელი იყოს, რომ ამ საკითხზე ორპარტიული თანხმობა არსებობს და დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ერთგულ მეგობრებს მიაჩნიათ, რომ ეს მცდარი გზაა. ამასთანავე, მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი იმუშავებს კონგრესთან საქართველოსთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე.


ჯეიმს ო'ბრაიენის განცხადებით, აშშ-მ "ქართული ოცნებისგან" ერთი წლის წინაც ნახა "არასწორი გზის ნიშნები", რის შემდეგაც მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და იმედი გამოთქვა, რომ ამას კვლავ იხილავს.


„რისი გაკეთება შეუძლია კონგრესს - ვიცი, რომ კანონპროექტზე მუშაობთ და როდესაც შეიმუშავებთ, ვიცი, რომ სამუშაოდ ჩვენც შემოგიერთდებით, ვმუშაობთ უფრო ფართო შავი ზღვის სტრატეგიაზე - საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება, იყოს, თუ სანდო პარტნიორი იქნება. სევე, მინდა კონგრესის წევრების ძალისხმევა აღვნიშნო მესიჯის მიტანის მხრივ, რომ საქართველოს ორპარტიულ, დიდი ხნის მეგობრებს სჯერათ, რომ ეს არასწორი გზაა. ერთი წლის წინ ვნახეთ არასწორი გზის ნიშნები და ამის შემდეგ მმართველმა პარტიამ თავისი კურსი შეცვალა და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ამ მხრივ. იმედი მაქვს, რომ ამას კვლავ ვნახავთ," - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.


დასასრულს, სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ არ ესმის, „რატომ არ უსმენს მთავრობა ქართველ ხალხს, რომელსაც აშკარად არ უნდა იმ გზით წასვლა, საითაც ახლა მიდიან“, რის პასუხადაც ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის კურსით კმაყოფილი მხარე მხოლოდ რუსეთია.