ირაკლი ღარიბაშვილი: პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა

"ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა, ბოლო დღეებში ჩვენ ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული შემთხვევების (ინფიცირების) მატება შეინიშნება. ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულებელყოფა. ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა. რაც კატეგორიულად დაუშვებელია.", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოსახლეობას თხოვნით მიმართა, რომ "ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ. იმისთვის რომ ქვეყანაში არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება".

„იცით, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს (და მეც ინტენსიურად ვარ ჩართული) როგორც ვაქცინის მწარმოებლებთან, ისე პარტნიორ ქვეყნებთან. ძალიან მალე ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე უკვე ჩააბარა ანგარიში. სანამ დაიწყება ვაქცინაცია, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ განსაკუთრებით ყურადღებით, რომ ხელი არ შეეწყოს ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს, კიდევ ერთხელ გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.