30 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა სენატის ქვეკომიტეტის მოსმენაზე გამოსვლისას წარმოადგინა სომხეთისა და აზერბაიჯანის გავლით ახალი სავაჭრო გზის კონცეფცია, რაც საშუალებას აძლევს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ნაკლებად იყვნენ დამოკიდებულნი რუსეთსა და ჩინეთზე. მან ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის დემარკაციის პროცესზე შეთანხმდნენ.
ო'ბრაიენმა ასევე ისაუბრა რეგიონული კავშირების განბლოკვასა და რუსეთზე. ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სომხეთთან ახალი პლატფორმა შექმნა, რათა დაეხმაროს მას რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში. მისი თქმით, სომხეთის უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველყოფა რუსეთმა ვერ შეძლო.
„სომხეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსეთიგან კიდევ უფრო დაშორება სურს. ასე რომ, ჩვენ ვქმნით პირობებს, რომ ეს მოხდეს.“ ჯეიმს ო'ბრაიენის თქმით, აშშ მხარს უჭერს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის სამშვიდობო ძალისხმევას.
ორ ქვეყანას შორის მშვიდობის მნიშვნელობაზე საუბრისას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აღნიშნა: „შეხედეთ რუკას. ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოუდგენლად მდიდრები არიან და ამჟამად მათი ერთადერთი ვარიანტი გლობალურ ბაზრებზე (წვდომის) ძირითადად რუსეთის ან ჩინეთის გავლით არის. თუ ჩვენ შეგვიძლია, გავხსნათ მარშრუტი, რომელიც გადის აზერბაიჯანსა და სომხეთზე, მაშინ მათ ექნებათ წვდომა გლობალურ ბაზრებზე და გაცილებით ნაკლები იქნება დამოკიდებული რუსეთსა და ჩინეთზე. ეს ყველაფერი ქვეყნებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ საკუთარი გზები გლობალურ ბაზრებზე.”
უფრო ადრე, ჯიმ ო’ბრაიენმა „რადიო თავისუფლების“ სომხურენოვან ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა თუ იქნება, შუა აზიიდან ხმელთაშუა ზღვისკენ სავაჭრო გზის გაყვანა გახდება შესაძლებელი.