პატელის თქმით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის აღსრულებას აშშ ყურადღებით დააკვირდება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ამბობენ, რომ საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონის აღსრულებას ყურადღებით მიადევნებს თვალს. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, დიპლომატიური უწყების პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ამერიკა კვლავ შეშფოთებულია ამ კანონის მიღებით, რომელიც რუსეთში მოქმედ რეგულაციას ჰგავს.


„ჩვენი გზავნილი კვლავ იგივეა: ის შეშფოთება, რაც გვქონდა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, კვლავ ძალიან რეალური და კვლავ ძალიან სერიოზულია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს კანონი გამოიყურება, როგორც კრემლის თამაშის წესების სახელმძღვანელოდან გადმოწერილი [კანონი], რომლის სამიზნეცაა ჰუმანიტარული ორგანიზაციები, არასამთავრობოები, ადამიანის უფლებების დამცველები, ჟურნალისტები. ჩვენ ამას ნამდვილად ყურადღებით დავაკვრდებით. მაგრამ, ამ ეტაპზე, სხვა სიახლე არ მაქვს," - აღნიშნა პატელმა.


სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის მოადგილემ საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. ბრეგაძემ სამშაბათს განაცხადა, რომ უკვე მზადაა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების რეგისტრაციისთვის აუცილებელი ტექნიკური ბაზა.


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის და დახმარების პროგრამების გადახედვა დაიწყო. პენტაგონმა  სამხედრო წვრთნები "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო. ევროკავშირმა, ქვეყანას სამხედრო და თავდაცვის კუთხით გამოყოფილი დახმარება - 30 მილიონი ევრო გაუყინა. ყველა ეს გადაწყვეტილება, დასავლელი პარტნიორების განმარტებით, ქვეყნის მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმულ არადემოკრატიულ ნაბიჯებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც ქვეყანამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაუხვია. მიზეზებს შორის დასახელებულია ე.წ. "აგენტების კანონი", ხელისუფლების წარმომადგენელთა ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა და სხვა ქმედებები. ე.წ. „აგენტების კანონის“ გასაუქმებლად, საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელია შესული: ერთი პრეზიდენტის, მეორე იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ, მესამე კი ოპოზიციური პარტიების.