ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკუთარ ადმინისტრაციას დაავალა, რომ Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდგო ვაქცინის კიდევ 100 მილიონი დოზა შეიძინონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ Johnson & Johnson-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე შეთანხმდა, რომ პარტნიორობას გაუწევს კომპანიის მიერ ვაქცინების წარმოებას.
მან ასევე განაცხადა, რომ შტატებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეტი დოზა სჭირდება, რადგან ყოველთვის არის შანსი, რომ ვირუსთან დაკავშირებული მოულოდნელობის წინაშე დადგნენ.
,,ჩვენ მაქსიმალური მოქნილობა გვჭირდება. ყოველთვის არის შანსი, რომ მოულოდნელი გამოწვევები შეგვხვდეს. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, ბევრი რამ შეიცვალოს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ”, - განაცხადა თეთრი სახლის ლიდერმა.
მან ასევე განაცხადა, რომ შტატები მზად არის, ვაქცინების ჭარბი რაოდენობა სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, მას შემდეგ, როდესაც ვაქცინით ყველა ამერიკელი აიცრება.
„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.