აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანი გახდა დამატებითი შესაძლებლობა სლოვენიისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბოიან კუმერმა. მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) გაფორმებულ ბოლო შეთანხმებას, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს ქვეყნის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის.


ლუბლიანაში საუბრისას კუმერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გარიგება გზას გაუხსნის გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას არამხოლოდ ორ კომპანიას, არამედ, ორ ქვეყანას შორისაც.

„ამის წყალობით, ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ და უსაფრთხოდ მივაწოდეთ სლოვენიას ბუნებრივი აირი მომავალი ზამთრისთვის,“ - აღნიშნა მინისტრმა.


კუმერმა ასევე გაამხილა, რომ 2024 წლის 17 ივლისს ბაქოში ვიზიტის დროს მან მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პარვიზ შაჰბაზოვთან, რათა შეესწავლა ორივე ქვეყნის კომპანიების თანამშრომლობის შესაძლებლობები სხვა სფეროებში, როგორიცაა, წყალბადი, ხელოვნური ინტელექტი და განახლებადი ენერგიის წყაროები.

ცნობისთვის, სოკარმა სლოვენიაში გაზის მიწოდება მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან დაიწყო. მანამდე, 17 ივლისს SOCAR-სა და სლოვენიის ბუნებრივი გაზის უმსხვილეს კომპანია Geoplin-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. SOCAR-მა არ გაასაჯაროვა სლოვენიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა.


„სლოვენია შეუერთდა თურქეთს, საქართველოს, იტალიას, საბერძნეთს, ბულგარეთს, რუმინეთს, უნგრეთსა და სერბეთს და გახდა მეცხრე ქვეყანა, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს,“ განაცხადა SOCAR-მა.


აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი 2023 წელს 5,3%-ით გაიზარდა და მან 23,8 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, ხოლო აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში 3,5%-ით გაიზარდა და მან 11,8 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწია იმავე წელს. ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანი 2024 წელს დაახლოებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს განახორციელებს, მათ შორის, 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროპისკენ წავა.