სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულით მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ ხსენებული გადაწყვეტილება განმარტა.


„სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკის გათვალისწინებით, არსებობს შესაბამისი საფრთხეები. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო, დასაკითხი არიან მოწმეები, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებათა განადგურების, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები, შესაბამისად შუამდგომლობა საფუძვლიანია და ადგილზე თათბირით სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყოს განჩინების გამოცხადების მომენტიდან,“ - განაცხადა მიხეილ ჯინჯოლიამ.


დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა გროგოლ ნიშნიანიძემ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პროკურორმა შუამდგომლობაში განმარტა, ვინაიდან მტკიცებულებათა ხელახალი გამოკვლევა და მოწმეთა ხელახალი დაკითხვა იწყება, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტისგან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს, რის გამოც, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა იყოს გამოყენებული.


აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარე არ დაეთანხმა და როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ აღნიშნა, ეს პოლიტიკური შეკვეთაა. ადვოკატს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას მისი გათავისუფლების შიში გაუჩნდა.


ბექა ბასილაიამ მოსამართლეს დასაბუთება სთხოვა, თუ რის საფუძველზე მიიღო ეს გადაწყვეტილება.

"რით დასაბუთდება, რომ სააკაშვილი მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენს? იცით, ხომ რომ "ვივამედშია" მოთავსებული. აივნიდან გადასძახებს, თუ ადვოკატებს დაგვავალებს? თუ მედპერსონალი, ბადრაგის თანამშრომელი ჩაიდენს ამას? პალატაში მიიმალება? თქვენ დასაბუთებად თქვით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული იმის გამო, რომ არ მიიმალოს, საფრთხეები ჩამოთვალეთ. „ვივამედში“ მოთავსებული, ბადრაგირების ქვეშ მყოფი პირი როგორ უნდა მიიმალოს? საღი აზრის დონეზე, როგორ უნდა ვთქვათ, ადამიანს კიდევ სამი წელი რომ აქვს მოსახდელი - „ვივამედიდან“ , მაგალითად, თოკებს ჩამოჰფენს, თუ ბადრაგები განახორციელებენ მის გათავისუფლებას?"- განაცხადა ბასილაიამ.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს არცერთ მიმდინარე საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ ჰქონდა შეფარდებული. ის მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენით იხდის სასჯელს.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.


მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან პატიმრობაშია. ის ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს თავს.