პუტინმა კიევის მასშტაბური პროვოკაცია უწოდა კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებს

რუსეთის პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა კურსკის ოლქის საზღვრისპირა რაიონებში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებზე, რომლებიც გუშინ, 6 აგვისტოს დაიწყო.


ვლადიმერ პუტინმა განაცხადა: „როგორც ცნობილია, კიევის რეჟიმმა მორიგი მასშტაბური პროვოკაცია განახორციელა. სხვადასხვა სახის იარაღს, მათ შორის - რაკეტებს, განურჩევლად ესვრიან სამოქალაქო შენობებს, საცხოვრებელ სახლებს, სასწრაფო დახმარების მანქანებს.“


BBC იტყობინება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა მაუწყებლის შეკითხვაზე, თუ რა ხდება კურსკის ოლქში, სუჯის რეგიონში, განაცხადა: „ამის თაობაზე ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია.“ უკრაინას კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენებზე.