ბლინკენი: აშშ-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა

აგვისტოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ „რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით.“


„დღეს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრიდან თექვსმეტ წელს აღვნიშნავთ და ვიხსენებთ რუსეთის სამხედრო კამპანიისა და უკანონო ოკუპაციის შედეგად დაღუპულებს, დაშავებულებსა და დევნილებს. რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციას და თავისი ნების იქაურ მოსახლეობაზე თავს მოხვევას, მათ შორის, აფხაზეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიწების რუსეთისთვის გადაცემის გამოცხადებითა და ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შესაქმნელად ნაბიჯების გადადგმით.


შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე და დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ქმედებები ათიათასობით იძულებით გადაადგილებულ პირს თავის სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების საშუალებას მისცემს. შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მათი ევროატლანტიკური მომავლისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაში მტკიცეა,“ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს.