"პატრიოტთა ალიანსმა" საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა

პატრიოტთა ალიანსმა აჭარაში პარტიის საარჩევნო ბანერზე აჭარა ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად გამოსახა. ბანერის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელებში დღეს, 29 აგვისტოს გავრცელდა.

Facebook-ზე გავრცელებულ ფოტოს სხვადასხვა პოლიტიკოსების ბრაზი და აღშფოთება მოყვა.

ენმ-ის წევრმა ხატია დეკანოიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა და მათ პატრიოტთა ალიანსის, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმება მოსთხოვა.

"გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა, სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა - დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას.. კანონი გავალდებულებთ რეაგირება მოახდინოთ!", - დაწერა დეკანოიძემ Facebook-ზე.

გავრცელებულ ფოტოს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ელენე ხოშტარიაც:

"აი ამაში იხდიან ზუსტად რუსები ფულს! არაფერი არ ყოფილა გამოსაძიებელი, ტიპები პირდაპირ შუღლს აღვივებენ ტყუილებით".

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი ნინო რიჟამაძე მიიჩნევს, რომ ბანერი შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, რასაც კანონით აკრძალულია.

"ზოგადად, "პატრიოტთა ალიანსი" ბათუმში ანტითურქული რიტორიკით გამოირჩევა. წარსულში არჩევნებზეც ჰქონდათ აქციები, სადაც საუბრობდნენ, რომ საფრთხეები თურქეთიდან მომდინარეობს და ა.შ. ეს ბანერი დავინახე შემთხვევით, ბათუმი-სარფის გზაზე, საზღვართან ძალიან ახლოს. რეალურად, ბანერის შინაარსი "სამართლიანი არჩევნების" აზრით, პროვოკაციულია და შეიძლება, შეიცავდეს შუღლის გაღვივების ნიშნებს, ანუ თანაბრად წარმოაჩენდე არაოკუპირებულ ტერიტორიებს ოკუპირებულ რეჟიმში მყოფ საქართველოს ტერიტორიებთან. საარჩევნო კოდექსით, აგიტაცია, რომელიც აღვივებს შუღლს, აკრძალულია", - აცხადებს რიჟამაძე და დასძენს, რომ ბანერით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.

რუსი ოპოზიციონერის და ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის მიერ დაფუძნევულმა ორგანიზაციამ "დოსიე" 24 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომლის თანახმადაც, წინასაარჩევნოდ კრემლი საქართველოში "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში ეხმარება.

განახლება

ბათუმის მერიამ პატრიოტთა ალიანსის ბანერები ჩამოხსნა და ფაქტთან დაკავშირებით სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

როგორც ბათუმის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ოქმები ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით გადაიგზავნა.

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიის საარჩევნო ბანერი, პოლიტსაბჭოზე განსხვავებული სახით იყო შერჩეული. როგორც ინაშვილი განმარტავს ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ წარწერით "sos"

"ბანერზე აქცენტირებული იყო აჭარა, მაგრამ არა წითელ ფერში, არამედ როგორც ყურადღების მიპყრობის ცენტრი, წარწერით - sos!...

მართალია, წითელი ფერიც იხილებოდა, შავიც და ყავისფერიც და კიდევ ბევრი სხვა ვარიანტი, მაგრამ საბოლოო ვარიანტი ეს იყო!",-წერს ინაშვილი Facebook გვერდზე.

ინაშვილი ბანერს მტრების მიერ დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, "100%-ით სანდო და საწრმუნო წყარომ", მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ სააკაშვილმა და ბოკერიამ იმ პირებს, ვინც პარტიიდან შიდა ინფორმაციას გაიტანენ, 50 000-დან 1 000 000 ლარის ზემოთ თანხა შესთავაზეს.

"ამ თანხების ფონზე, ვინმეს 10 000 ლარი რომ გადაუხადონ, ცხადია, ის თავისუფლად გააგზავნის არასწორად შეფერადებულ ბანერსაც და გააკრავს კიდეც იმ ადგილზე, რომელიც მერიასთან დღემდე არ შეგვითანხმებია. ისე გააკრავს, რომ მეც, დავით თარხან-მოურავიც და პოლიტსაბჭოს წევრებიც ამას სააკაშვილ-ბოკერიას ტელევიზიებიდან გავიგებთ. დღეს ასეც მოხდა. ანუ რას ვამბობ? იმას ვამბობ, რომ არ გამოვრიცხავ შიდა და გარე პროვოკაციას. ბანერიც სხვა ფერებში დაბეჭდეს, შეუთანხმებელ ადგილზე დაკიდეს, მერე თვითონვე მოხსნეს. ამით იაფფასიანი პიარი გაიკეთეს, ჩვენ კი ეს ყველაფერი ტელევიზიებიდან გავიგეთ!",-წერს ინაშვილი.