სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელევიზია ავრცელებს.

განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „TV პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში. საქმე ეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის აუდიოჩანაწერს, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა.

კერძოდ, ახლა გამოძიებას უფლება აქვს, ამოიღოს: ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ჩანაწერები და კონვერტი, რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.

"საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გამომძიებლებს ნება დაერთოთ განახორციელონ საგამოძიებო მოქმდებება: ამოღება. კერძოდ, ამოღებულ იქნეს: 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში მითითებული კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, რომელზეც ჩაწერილი იყო რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრის ამსახველი ჩანაწერები. 2021 წლის 06 მარტს გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში კონფიდენციალური წყაროს მიერ "TV პირველისთვის" გადაცემული კონვერტი (ან სხვაგვარი შეფუთვა), რომელშიც მოთავსებული იყო ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა", - წერია განჩინებაში.

განკარგულების მიხედვით, თუ "TV პირველი" არ მიაწოდებს ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს, მათ უფლება აქვთ წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

"საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს ან ორგანოს უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევისას გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა", - წერია განკარგულებაში.