უზბეკეთმა 2030 წლიდან, შესაძლებელია, ჭარბი ელექტროენერგია ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს

უზბეკეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჟურაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ უზბეკეთი თავისი ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში 2030 წლიდან შეძლებს, თუ ყაზახეთი-უზბეკეთი-აზერბაიჯანი კასპიის ზღვის ფსკერზე კაბელის გაყვანის პროექტს განახორციელებენ.


„ამ წლის ბოლომდე ჩვენ განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ჯამურ სიმძლავრეს - 4 გვტ-ზე მეტს მივაღწევთ, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20 გვტ-ზე მეტი იქნება, საიდანაც ორიდან ხუთ გიგავატამდე წავა ექსპორტზე ევროპაში“, - განაცხადა მინისტრმა.


ექსპორტის ზუსტი მოცულობა დამოკიდებული იქნება ელექტროენერგიის გადაცემის სისტემის სიმძლავრეზე და ევროპელი მყიდველების საჭიროებებზე. უზბეკეთიდან ელექტროენერგია ყაზახეთის გავლით - ცენტრალური აზიის საერთო ელექტროენერგეტიკული სისტემის საშუალებით გავა, შემდეგ ღრმა წყლის კაბელით კასპიის ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანამდე, იქედან - საქართველოში და შემდგომში შავი ზღვის ფსკერზე რუმინეთში, უნგრეთსა და ბულგარეთში.