უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი საჯარო განცხადება გააკეთა უკრაინის ძალების მოულოდნელ შეჭრაზე რუსეთის კურსკის რეგიონში. ზელენსკის თქმით, მოსკოვი "იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას". ზელენსკის თქმით, მათი ოპერაციები არის „წმინდა უკრაინის უსაფრთხოების საკითხი.“ მან ასევე ხაზი გაუსვა ტყვეთა გაცვლისთვის საჭირო მიზნების მიღწევას. უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან შორი დისტანციის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას ითხოვს.
„გენერალი სირსკი იტყობინება, რომ დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი კურსკის რეგიონში, ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ეს არის, კერძოდ, ის ტერიტორიები, საიდანაც რუსეთის არმიამ ჩვენს სუმის რაიონზე დარტყმები დაიწყო. დღეისთვის და პირველ ივნისიდან დღემდე სუმის რეგიონის ტერიტორიაზე 2100-მდე დაბომბვა მოხდა.
„ამიტომ, ჩვენი ოპერაციები არის უკრაინის წმინდა უსაფრთხოების საკითხი, საზღვრის გათავისუფლება რუსი სამხედროებისგან. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს გამბედაობისთვის და ეფექტიანი ქმედებებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ქვედანაყოფს, რომელიც ავსებს „გაცვლის ფონდს“ ჩვენთვის, უკრაინისთვის.
ჩვენთვის პრინციპული საკითხია რუსეთის ტყვეობიდან მთელი ჩვენი ხალხის დაბრუნება. დღეს კი, შტაბის სხდომაზე, გაცვლაში ჩართულ სტრუქტურებს - უკრაინის თავდაცვის დაზვერვას, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს და შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაევალათ მაქსიმალურად აქტიური კომუნიკაცია უკრაინელი ტყვეების ნათესავებთან.
გამჭვირვალედ ავუხსნათ, როგორ ყალიბდება სიები, ვისი დაბრუნება შეიძლება ახლა. ზოგადად, მათ დაევალათ, წარმოედგინათ მკაფიო სტრატეგია ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან დაბრუნებისთვის. მომავალ შეხვედრაზე შესაბამისი ანგარიში უნდა იყოს. ასევე, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ თავდაცვის მინისტრი და ყველა ჩვენი უკრაინელი დიპლომატი მაქსიმალურად აქტიურად იმუშავებენ ჩვენს პარტნიორებთან უკრაინის შორი მოქმედების შესაძლებლობებზე - ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ნებართვა ჩვენი პარტნიორებისგან შორი დისტანციის იარაღის გამოსაყენებლად.
„ეს არის ის, რასაც მნიშვნელოვნად შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასრულება და ასევე ათასობით უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენა რუსული ტერორისგან. სამართლიანია რუსი ტერორისტების განადგურება იქ, სადაც ისინი არიან, საიდანაც იწყებენ დარტყმებს. რუსული სამხედრო აეროდრომები, რუსული ლოგისტიკა. ჩვენ ვხედავთ, რამდენად სასარგებლოა ეს მშვიდობის დასაახლოებლად. „მოსკოვი იძულებული უნდა გახდეს, დათანხმდეს მშვიდობას, თუ პუტინს ასე ძლიერ სურს ომის გაგრძელება.“
„ჩვენ ვიცით, როგორ გავაძლიეროთ უკრაინა და რა დაგვეხმარება სამართლიანობის მიღწევაში.“
„ჩვენ ვხედავთ, საით მიდის რუსეთი პუტინის მმართველობის დროს: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. და ახლა ჩვენ ვხედავთ, რა არის მისთვის დასასრული. და ისიც კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი, ის სახლში ინაცვლებს. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ,“ განაცხადა ზელენსკიმ.