აშშ-ს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას - საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „არც დეზინფორმაციას, არც სპეკულაციას არ შეუძლია უთანხმოებების მოგვარება.“


ამერიკის საელჩო განმარტავს, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების, სენატორ ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის ვიზიტისას, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განხილვის თემა არ ყოფილა.


„განხილვის თემა იყო ის, რომ შეერთებულ შტატებს სურს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა და გზაზე დაბრუნების პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა იყოს. მათ წინადადებას ველით,” - ნათქვამია განცხადებაში.


საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, დემოკრატი სენატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შემაჯამებელ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა რეგიონში, ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია.


„ჩვენ უნდა ვიხილოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი ძალისხმევა იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოეთის აგენტების კანონი, რომელსაც უფრო მეტი ზიანი მოაქვს ერისთვის, ვიდრე - სარგებელი, ევროკავშირის წევრობისთვის მისი დღისწესრიგის დასაწინაურებლად. ამ გზაზე დასაბრუნებლად, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მის წინადადებას,“ წერია განცხადებაში.


„ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი ერთგულება, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ევროინტეგრაციისკენ. მაგრამ, ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით ჩუმად, დემოკრატიის უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ გამიზნულად ცრუ განცხადებების ფონზე,“ - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.


„მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ [შეერთებულ შტატებში] ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, შეერთებული შტატების პოლიტიკა [საქართველოს მიმართ] არ შეცვლება მიუხედავად იმისა, შეიცვლება თუ არა ამერიკის ადმინისტრაცია,“ - განაცხადა კონგრესმენმა ტერნერმა.


ის ხაზს უსვამს ოქტომბერში დაგეგმილ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და აცხადებს, რომ აუცილებელია, არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისა და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის.