"TV პირველი" სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ არხის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ ტელევიზიის დამფუძნებელთან, ვატო წერეთელთან და არხის წარმომადგენლებთან ერთად, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს დავიწყეთ აქტიური მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უკანონო და მე ვიტყოდი, არაკონსტიტუციური სასამართლოს განჩინება, რომელიც გუშინ საღამოს ჩაბარდა ტელეკომპანია პირველს, გასაჩივრდეს ქვეყნის შიგნით. სანამ არსებობს ეს განჩინება და არის ძალაში, მანამ აქვთ შესაძლებლობა ჩვენს სამართალდამცველ ორგანოებს, იძულების სახით, ნებისმიერ დროს ამოიღონ "TV პირველიდან" ის ნივთი, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. რომც არსებობდეს, ტელევიზია მაინც არ აპირებს მის გადაცემას სააგამოძიებო ორგანოებისთვის.
განჩინება კარგად წარმოადგენს გამოძიების სულისკვეთებას, რომელსაც არ აინტერესებს თავად ჩანაწერის შინაარსი. ამ განჩინებაში არ არის მოთხოვნილი აუდიო ფაილი, ისინი მიზანმიმართულად ითხოვენ სწორედ იმ მოწყობილობას, რომელზეც შესაძლებელია ყოფილიყო ჩაწერილი ფაილი. ალბათ აინტერესებთ ფაილის წარმომავლობა. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოებით დაცული აბსოლუტური წყარო. ტელევიზია აცხადებს მზადყოფნას, თუ გამოძიება დაინტერესდება გადასცეს მას აუდიოფაილი, სადაც მოცემულია ჩანაწერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ტელევიზიაში არ არსებობს დოკუმენტი, თუ მტკიცებულება, რის ამოღებასაც განჩინება ეძღვნება.
ამ განჩინებას გავასაჩივრებთ უახლოეს პერიოდში. არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი. მიუხედავად ამ ხარვეზისა, ქვეყნის შიგნით მის გასაჩივრებას მაინც შევეცდებით. და თუ ეს არ იქნება საკმარისი განვიხილავთ შესაძლებლობას, მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს", - განაცხადა არხის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.
ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ის არ აპირებს მიმართოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს. მისი თქმით, დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან.
ვატო წერეთელი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და აღნიშნულ საქმეზე სწრაფ რეაგირებას სთხოვს.
"მე ვფიქრობ, დღეს ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან. დღეს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება , რომ შეუძლია იძულებით შემოვიდეს და ამოიღოს რაიმე არარსებული, მითიური ელექტრო ხელსაწყო.
მე მინდა მივმართო ქვეყნის ხელისუფლებას, გამორიცხულია, თქვენ ტელეკომპანია "პირველი" ჩააქროთ და არ იმაუწყებლოს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. გამორიცხულია თქვენ შეძლოთ კრიტიკული მედია ჩაახშოთ და ჩვენი ხმა არ ისმოდეს.
მინდა მივმართო დიპლომატიურ კორპუსს. რადგან ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ და მინდა მოვითხოვო თქვენგან სწრაფი რეაქცია და სწრაფი რეაგირება", - განაცხადა არხის დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა.