5-6 სექტემბერს, ბათუმში, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სარკინიგზო ადმინისტრაციების ხელმძღვანელების რეგულარული ექვსმხრივი შეხვედრა გაიმართა, რომელიც საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+ განვითარებას ეძღვნებოდა.
თურქმენეთის საელჩოს ცნობით, CASCA+-ის მონაწილე ქვეყნების რკინიგზების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, თურქმენეთის დელეგაციას რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე სილაპბერდი ნურბერდიევი ხელმძღვანელობდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დისკუსიები ეძღვნებოდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას, სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურებას და საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში გამოცდილების გაზიარებას.
შეხვედრაზე, გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციასა და მდგრად განვითარებაში სარკინიგზო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მნიშვნელობას გაესვა ხაზი. შეკრება მულტიმოდალური მარშრუტის შემდგომი განვითარებისა და მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, პროტოკოლზე ხელმოწერით დასრულდა.
მულტიმოდალური ტრანსპორტის პროექტი CASCA+ (ცენტრალური აზია, სამხრეთ კავკასია და ანატოლია - Central Asia, South Caucasus and Anatolia) აზერბაიჯანის, საქართველოს, ყირგიზეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და უზბეკეთის სარკინიგზო სტრუქტურების ერთობლივი ინიციატივაა. დასახელებაში "+" ნიშანი ახალი მონაწილეების მიღების მზაობის სიმბოლოა.
CASCA+ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების, კერძოდ, ჩინეთ-ყირგიზეთ-უზბეკეთ-თურქმენეთ-აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთ-ევროპის საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში შეიქმნა. მარშრუტი ცენტრალურ აზიას თურქულ ანატოლიასთან კასპიის ზღვისა და სამხრეთ კავკასიის გავლით აკავშირებს.
2022 წლის დეკემბერში პირველმა საკონტეინერო მატარებელმა სპილენძის კონცენტრატით გაიარა CASCA+ მარშრუტზე (უზბეკეთიდან ბულგარეთში). უზბეკეთმა საკონტეინერო მატარებელი ევროპაში რუსეთის გვერდის ავლით მაშინ პირველად გაგზავნა. მატარებელი შედგებოდა 46 ვაგონისა და 91 ერთეული 20 ფუტიანი კონტეინერისგან.
სატრანზიტო მანძილი შეადგენს 4000 კმ-ზე მეტს. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკონტეინერო მატარებლები რეგულარულად მოძრაობდნენ ამ მარშრუტზე. ოპერატორების მიზანია, კონტეინერების გადაზიდვის მოცულობა წელიწადში 30 ათას კონტეინერამდე გაიზარდოს.
გასული წლის ნოემბერში მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტის CASCA+ წევრი ქვეყნების სარკინიგზო ადმინისტრაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს ლოგისტიკურ სტრუქტურებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას, რომლის მიზანია CASCA+ სატრანსპორტო დერეფნის გააქტიურება და მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილების გაცვლა საგზაო, საზღვაო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის სატრანსპორტო პოტენციალის რეალიზების მიზნით. (წყარო - traceca.ge)