აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა. ამის შესახებ რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა ბათუმში, სადაც განახლებული ამერიკული კუთხე გაიხსნა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, უცხოური გავლენის შესახებ კანონით - იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა - ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის, ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში, ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი,“ აღნიშნა ელჩმა.
ცნობისთვის, ე.წ. უცხოური აგენტების კანონით, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირებულიყვნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში.“ თუ ორგანიზაციამ, რომელიც აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
კანონი პრეზიდენტმა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საკონსტიტუციო სასამართლოსი გაასაჩივრეს. საქმეზე განმწესრიგებელი სხდომა უკვე გაიმართა - საწყის ეტაპზე სასამართლომ უნდა გამოაცხადოს აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.