საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის, მეორე ვადითაც იყაროს კენჭი. ფრანგულ გამოცემა „ფიგაროსთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი უპასუხა შეკითხვას: თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, გამოწვევებსა და საერთაშორისო ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება.
„მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან,“ - სალომე ზურაბიშვილის განცხადების ქართულ თარგმანს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.
პრეზიდენტის შეფასებით, ქვეყანა ახლა „ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა - 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით.“
მანვე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამჭვირვალობის შესახებ მიღებული კანონით ცდილობს, „ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები კი, სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.“
კითხვაზე, ურევია თუ არა მოსკოვის ხელი საკამათო კანონის მიღებაში, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა.
„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან მკაფიო არჩევანი მოსკოვთან დაახლოებისკენ. ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მას შემდეგ დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ თავდასხმებმა სისტემატური სახე მიიღო. ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების", ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა, ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა.
ხელისუფლებისგან წინასაარჩევნოდ ყველაფერს უნდა ველოდოთ, მაქინაციებს, როგორიცაა - დაბრკოლებების შექმნა, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, რომელიც ამომრჩეველთა დაახლოებით, მესამედს წარმოადგენს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდა - ომი თუ ლგბტ საკითხი,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში.
სალომე ზურაბიშვილმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ.
„არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია, ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება, საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%.
მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან,“ - აღნიშნავს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, 2018 წლის 16 დეკემბერს (სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს) ძალაში შესული საკონსტიტუციო ცვლილებით, საქართველოს პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩევა. მას 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში 300 წევრი შედის, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ წევრებს საკრებულოების დეპუტატებისგან აკომპლექტებენ. საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება პარლამენტის სასახლეში. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც. თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორ კანდიდატს. მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუ არჩევნები არ შედგა ან საარჩევნო კოლეგიამ საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩია, 30 დღის ვადაში იმართება საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები.
საარჩევნო წელს საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება (დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ). შესაბამისად, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები, სავარაუდოდ, 2024 წლის დეკემბერში ან 2025 წლის იანვარში ჩატარდება.