აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების მე-11 სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, რომელიც ბათუმში გაიმართა, შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამის შესახებ Trend-ს თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განუცხადეს.


სამინისტრომ აღნიშნა, რომ შეთანხმებას ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა და მისმა თურქმა და ქართველმა კოლეგებმა იაშარ გიულერმა და ირაკლი ჩიქოვანმა.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წელს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალს საქართველო მასპინძლობს. თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბათუმში გაიმართა.


აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს,  გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრს იაშარ გიულერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა უმასპინძლა.

უწყების ცნობით, კოლეგებმა რეგიონის უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა აღნიშნეს.


„ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ და სამუშაო დონეებზე თანამშრომლობის დადებით დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი წვრთნები, ექსპერტთა დონის შეხვედრები და სამმხრივი კურსები კიდევ უფრო აახლოებს სამხედრო მოსამსახურეებს და ზრდის მათი თავსებადობის დონეს. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი მინისტერიალის ოქმს მოაწერეს ხელი და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანელ და თურქ კოლეგებთან - გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან და იაშარ გიულერთან ორმხრივი შეხვედრებიც გამართა,“ წერია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.