შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელენი, ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

გი პარმელენი ხაზს უსვამს, რომ შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ- მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას თქვენი საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანია თქვენს ქვეყანაში დემოკრატიის, პლურალიზმის, კანონის უზენაესობის, ასევე მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის.

შვეიცარიას და საქართველოს აქვთ ახლო ისტორიული კავშირები, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს მეგობრობასა და სამაგალითო ორმხრივ ურთიერთობებს. საერთო ღირებულებების საფუძველზე ჩვენ შორის ჩამოყალიბდა განსაკუთრებით პროდუქტიული თანამშროლობა საკითხების ფართო სპექტრზე. ჩემი ქვეყანა ამაყობს, რომ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს რუსეთის ფედერაციაში.

შვეიცარია მზად არის, ითანამშრომლოს თქვენს მთავრობასთან რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. ჩვენ კიდევ უფრო უნდა განვამტკიცოთ ჩვენი მეგობრობა და გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.