აშშ-მ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, პრორუსული ორიენტაციის „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, დაიბლოკება დასანქცირებული პირების საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში აქვთ. გარდა ამისა, დაიბლოკება ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ფლობენ დასანქცირებული პირები და რომელშიც 50% ან მეტი წილი აქვთ.
ამერიკის მოქალაქეებსა და პირებს ამ სანქცირებული პირების კუთვნილებაში არსებულ კომპანიებთან თუ აქტივებთან კავშირი ეკრძალებათ. ის ფინანსური ინსტიტუტები თუ სხვა პირები, რომლებიც ამ პირებთან და კომპანიებთან რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი ან რაიმე ტრანზაქციას განახორციელებენ მათთან, ასევე სანქციების თუ სხვა აღსრულებითი ზომის სამიზნეები გახდებიან.
უწყების მიერ გავრცელებული განცხადებით, დღეს, აშშ-ის ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა (OFAC) სანქციები დაუწესა იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში.
კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა საქართველოს ორ ოფიციალურ პირს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკ დარბევასთან და ასევე - საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან, თანამონაწილეობდნენ, ან პირდაპირ ან ირიბად იყვნენ ჩართულნი ძალადობრივ ქმედებებში; დემოკრატიულ პროცესში ჩართულ ქართველთა მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში.
დეპარტამენტის განმარტებით, ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღებამდე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას ზედამხედველობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე ძალადობრივი თავდასხმების ორგანიზატორებად არიან მოხსენიებულები „ალტინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ამავე ორგანიზაციასთან დაკავშირებული ზურაბ მახარაძე. მათ სანქციები დაუწესდათ 2021 და 2023 წლების ძალდობის მხარდაჭერისთვის.
„კონსტანტინე მორგოშია არის მედიაკომპანია "ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი, რომელსაც ის დეზინფორმაციის გასაძლიერებლად და სიძულვილის ენისა და მარგინალიზებული თემების წინააღმდეგ მუქარის გასავრცელებლად იყენებდა. 2021 და 2023 წლების ივლისში მხარს უჭერდა ძალადობრივ თავდასხმებს მარგინალიზებულ პირებზე. ასევე, ხელმძღვანელობდა ასობით პირს, შეჭრილიყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში და თავს დასხმოდნენ ჟურნალისტებს მაშინ, როდესაც პოლიციაც ადგილზე იყო.
"ალტ-ინფოს" დამფუძნებელი ზურაბ მახარაძე მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მარგინალიზებული პირების მიმართ ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია. მან პირდაპირ წაახალისა ძალადობა ონლაინ რეჟიმში," - წერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო.
დეპარტამენტის განმარტებით, ოთხივე პირზე დაწესებული სანქციები გლობალური მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგარიშვალდებულების აქტს ეფუძნება და ეხება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და კორუფციის ფაქტებს მთელ მსოფლიოში.
„დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს ჩვენს შეშფოთებას საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგების და წამყვანი კონკრეტული პირების მიერ ძალადობისა და დაშინების გამოყენებით, საკუთარი მიზნების მისაღწევი ძალისხმევის თაობაზე,” - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბრედლი სმითი. ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის მიმართულებას ხელმძღვანელობს.
“შეერთებული შტატები ერთგული რჩება იმის, რომ ანგარიშვალდებულება დააკისროს მათ, ვისაც ქართველი ხალხის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა სურს,” - ამბობს სმითი.
ხაზინის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 2024 წლის 28 მაისს, მიუხედავად საპროტესტო დემონსტრაციებისა, რომლებიც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა, მმართველმა პარტიამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი მიიღო.
„ძალადობა, რომელიც ჩაიდინა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა, მოიცავდა ახალი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივ პროტეტში მონაწილე ბევრი ადამიანის სასტიკ ცემას, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების. ხარაზიშვილი კარგადაა ცნობილი მისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში,“ - ამბობს ხაზინის მდივნის მოადგილე.
დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."
"მაგნიტსკის აქტი“
"მაგნიტსკის ადამიანის უფლებათა ანგატიშვალდებულების გლობალური აქტი" 2017 წელს გამოიცა და ის მოიცავს ადამიანის უფლებათა დარღვევებისა თუ კორუფციული ქმედებებისთვის ანგარიშვალდებულების დაწესებას ამერიკის გარეთ მომხდარ ფაქტებზე მაშინ, როცა ამ ქმედებებმა "მიაღწია ისეთ მასშტაბსა და სიმძიმეს, რომ ის საფრთხეს უქმნის საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების სტაბილურობას."
"მაგნიტსკის სიის" სახელწოდება უკავშირდება რუსეთში მცხოვრებ აუდიტორს, სერგეი მაგნიტკისკის, რომელიც 2007 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებულ კორუფციას იძიებდა. მაგნიტსკი 2008 წელს დააპატიმრეს, ერთი წლის შემდეგ კი, ციხეში გარდაიცვალა. 2012 წელს ამერიკის კონგრესმა "მაგნიტსკის კანონის უზენაესობის ანგარიშვალდებულების აქტი" დაამტკიცა, რომლითაც შეიქმნა მექანიზმი, რომ დაწესებულიყო სანქციები იმ პირებისთვის, ვინც მაგნიტსკის დაკავებაში და სიკვდილში მონაწილეობდნენ, ან რუსეთში ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებზე იყვნენ პასუხისმგებელნი.
2016 წელს კი, ეს აქტი კიდევ უფრო გაფართოვდა და სანქციები ვრცელდება ნებისმიერი სხვა უცხო ქვეყნის წარმომადგენლზე, რომელიც შეერთებული შტატების შეფასებით, ადამიანის უფლებებს არღვევს და კორუფციულ ნაბიჯებს დგამს. ეს აქტი სხვა ქვეყნებშიც არის დამტკიცებული, 2020 წელს ის მიიღო ევროკავშირმაც. (წყარო - ამერიკის ხმა)
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.