პარლამენტმა ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება დაასრულა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებით დაკომპლექტების 6-წლიანი პროცესი დასრულდა. პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი, იუსტიციის საბჭოს მოქმედი მდივანი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ერთხმად დაამტკიცა.


მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილი უზენაეს სასამართლოში მუშაობის დაწყებას მომავალ წლამდე ვერ შეძლებს, რადგან 28-ე ადგილი უზენაეს სასამართლოში ვაკანტური 2025 წლიდან გახდება. სწორედ მომავალ წელს ეწურება უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილს.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასიტაშვილის ადგილზე კონკურსი მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გამოაცხადა და პარლამენტმა მისთვის წარდგენილი ნიკოლოზ მარსაგიშვილის კანდიდატურა წინასწარ დაამტკიცა. ის ამ თანამდებობაზე საქმიანობას გასიტაშვილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის (2025 წლის 12 ივნისს) შემდეგ შეუდგება.


არასამთვრობო ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ შეფასებით, „ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევით მმართველმა პარტიამ წერტილი დაუსვა სასამართლოს უმაღლესი ინსტანციის სასურველი კადრებით დაკომპლექტების პროცესს, რომელიც 2019 წელს დაიწყო. ამდენად, 5 წელი დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ საქართველოს უზენაეს სასამართლოზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად.“


ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლო 28 მოსამართლისგან შედგება.

პარლამენტმა 2019, 2021 და 2024 წლებში უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები რამდენიმე ეტაპად დაამტკიცა. 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ აირჩია უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე, 2021 წელს - 11, 2024 წელს კი - სამი.