პრემიერი ელჩს: ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს.“


„აღინიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა, რამაც კიდევ ერთი მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მიმართ საქართველოს პოზიციის თვისებრივი გადახედვა განაპირობოს.


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნოდ ოპოზიციის შანსების გაუმჯობესებაზეა გათვლილი, თუმცა ის სრულიად კონტრპროდუქტიულია, რადგან, სინამდვილეში, ვერც ოპოზიციის საარჩევნო შედეგს წაადგება და ვერც მმართველ გუნდს შეაშინებს.


როგორც პრემიერმა განაცხადა, პირიქით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით მიღებული გადაწყვეტილება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების მოტივაციას, 26 ოქტომბერს მტკიცედ დადგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დასაცავად,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.


9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს.

16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა.


ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში."

სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“