რუსეთის პროტესტის მიუხედავად, ინდოეთში წარმოებული საბრძოლო მასალა კვლავ მიეწოდება უკრაინას - Reuters

Reuters-ის ცნობით, ინდოელი იარაღის მწარმოებლების მიერ გაყიდული საარტილერიო ჭურვები ევროპელმა მომხმარებლებმა უკრაინისკენ გადაამისამართეს, მაგრამ მოსკოვის პროტესტის მიუხედავად, ნიუ-დელის ვაჭრობა არ შეუჩერებია.


ბრიტანული სააგენტო წერს, რომ  ამ საქმესთან დაკავშირებულმა ყველა პირმა, საკითხის მგრძნობიარობის გათვალისწინებით, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

„რუსეთისგან თავდაცვის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის გადაცემა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს,“ ამბობენ წყაროები, რასაც საბაჟო მონაცემებიც ადასტურებს.

ინდოეთის მთავრობისა და ინდოეთის თავდაცვის ინდუსტრიის ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ დელი უკრაინის მიერ მოხმარებული საბრძოლო მასალების მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას აწარმოებს. როგორც ერთმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, ეს არის კიევის მიერ იმპორტირებული იარაღის საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლები.


ანგარიშის მიხედვით, ევროპის ქვეყნებს შორის, რომლებიც ინდურ საბრძოლო მასალას უგზავნიან უკრაინას, არიან იტალია და ჩეხეთი. ეს უკანასკნელი იმ ინიციატივის თაოსანია, რომლითაც კიევს ევროკავშირის გარეთ შეძენილი საარტილერიო ჭურვები მიეწოდება.


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი აგვისტოში უკრაინას პირველად ესტუმრა. ვიზიტისას მან განაცხადა, რომ ინდოეთი მხარს უჭერს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას დიპლომატიური გზით, ამავე დროს პატივს სცემს სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. უკრაინის, იტალიისა და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროებმა არ უპასუხეს თხოვნას ოფიციალურ კომენტარზე, რომლითაც მათ Reuters-მა მიმართა.