კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.


პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო, ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.


„ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.


ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს,“ - აცხადებენ პროკურატურაში.


37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, 26 წლის ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს.

ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა ჟურნალისტებს 19 სექტემბერს დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, რომ მათი საუბარი კონფიდენციალურია და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

არდოტელის თქმით, ჯაიანს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.


„გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება,” - განაცხადა არდოტელმა.